ახალი ამბებიეკონომიკა

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 368.5 ლარია – საქსტატი

16 დეკემბერი, 2021 • 2176
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა და 1 368.5 ლარია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფომრაციით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4 პროცენტით (129.0 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 612.1 ლარით განისაზღვრა.

ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 139.6 ლარი (9.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

როგორც საქსტატი განმარტავს, დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასების სტატისტიკა ეყრდნობა საწარმოთა კვარტალურად ჩატარებულ კვლევას, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე საწარმოსგან და ორგანიზაციისგან იღებენ ხელფასების შესახებ ცნობებს [წლიურად – 18 000-მდე საწარმოსგან].

თუმცა ეს მონაცემები მოიცავს არა ინდივიდუალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულებს შორის ხელფასების სხვაობის გაგებას, არამედ დაქირავებულთა რიცხოვნობას და მათზე დარიცხულ სახელფასო ფონდს.

მაგალითად, თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, საშუალო ხელფასი 1625 ლარი გამოდის.

არსებობს მეორე მეთოდი — მედიანური მაჩვენებლით დათვლა [საშუალო არითმეტიკული ეწოდება მონაცემთა ჯამისა და ამ მონაცემების რაოდენობის შეფარდებას. მედიანა კი ზრდადობის მიხედვით დალაგებულ მონაცემებს შუაში მოქცეული რიცხვია].

იგივე მოცემულობა რომ ავიღოთ, რაც წინა შემთხვევაში: თუ საწარმოში ოთხი ადამიანი მუშაობს, საიდანაც უფროსის ხელფასი 5 000 ლარია, ხოლო თანამშრომლების — 500-500 ლარი, მედიანურად დათვლის შემთხვევაში, მედიანური ხელფასი 500 ლარი გამოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი