ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

15 დეკემბერი, 2021 •
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში “ძლიერი გზავნილების დაფიქსირებისა და საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვის მნიშვნელობას”.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია და ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება. პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის ამბიციური გეგმა  2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და მათი გაგრძელების მნიშვნელობას.

„შარლ მიშელს შეხვედრაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დავუდასტურე. ევროკავშირსა და საქართველოს სტაბილური პარტნიორობა აერთიანებს. მიზნების მისაღწევად ამბიციური გეგმები დაისახა და ჩვენ ამ გზას მტკიცედ მივყვებით“, — წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის.

„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებაზე და საქართველოსთვის განსაზღვრულ ფლაგმანურ ინიციატივებზე. შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირი გააგრძელებს რეგიონის დახმარებას ახალ კორონავირუსთან ბრძოლისა და მეტი ვაქცინების უზრუნველყოფის მიმართულებით“,- წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ში.

ბრიუსელში დღეს, 15 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მე-6 სამიტი იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი