ახალი ამბები

ზურაბიშვილი: მე ავიღე შერიგებისა და სამართლიანობის პროცესის დაწყების ვალდებულება

15 დეკემბერი, 2021 •
ზურაბიშვილი: მე ავიღე შერიგებისა და სამართლიანობის პროცესის დაწყების ვალდებულება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ძალისხმევისა და არჩევნების მიუხედავად, ქვეყანა რჩება უკიდურესი პოლარიზაციის მდგომარეობაში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა “France 24-თან” ინტერვიუში განაცხადა და ისაუბრა მის ვალდებულებაზე შერიგების პროცესში.

“გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება (ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია), ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური არასტაბილურობის გაღვივებას ხელი შეუწყო უკრაინის მოქალაქის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ დაბრუნებამ საქართველოში.

“ჩვენი პარტნიორების გარკვეული ნაწილი მას ამ ქმედებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა, მან არ მოუსმინა. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდია, ძალიან ცუდად ჩანს. ყველაზე ცუდი, ყველაზე პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და ეს მოვლენა მხოლოდ ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას. ამიტომ, ჩემი თვალსაზრისით, ეს ქცევა არ იყო პასუხისმგებლიანი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა”, — განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა 2008 წლის ომის კონტექსტშიც და თქვა, რომ მან არ მოუსმინა გაფრთხილებებს.

“არ მოუსმინა არც ევროპელებს, არც ამერიკელების მუდმივ გამეორებებს, რომლებიც ორ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ საქართველოში, რომლებიც იმ დროს საკმაოდ იყვნენ ჩართულნი და უპირველეს ყოვლისა, ამბობდნენ, რომ მას უნდა გაეძლო შექმნილი ვითარებისათვის.

არის პროვოკაციები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იმპერიად ყოფნას, აგრესიულ ქცევას და რომელთანაც ნათელია, რომ არ გვაქვს საშუალება, სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ძალაზე უფრო ჭკვიანები” ,— თქვა ზურაბშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი