ახალი ამბები

ჭიათურის მერიის თანამშრომელი მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებს

15 დეკემბერი, 2021 • 1240
ჭიათურის მერიის თანამშრომელი მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებს

ჭიათურის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მერიის მაღალჩინოსანს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც მედეა მოდებაძე „მთავარ არხთან“ აცხადებს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჭიათურის მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ქალი ტელეკომპანიასთან საუბრისას აცხადებს, რომ მერიის მაღალჩინოსანმა ხელი ჰკრა და ოთახი ძალით დაატოვებინა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მედეა მოდებაძე მერიაში იმის გასარკვევად მივიდა, ემუქრებოდა თუ არა იანვრიდან სამსახურიდან გათავისუფლება, სადაც მისთვის უცნობმა კაცმა, რომელმაც თავი დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილედ წარუდგინა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

“გაიღო კარები და შემოვიდა კაცი. ჩემთვის უცნობი. წამოვიდა პირდაპირ, შეგნებულად, სადაც ვიჯექი და მითხრა, აქ რატომ ზიხარ შენ, მე არ ვიცი შენი სამუშაოო, ძალიან უხეშად. დამავლო ხელი და გადიო. მე ვუთხარი, არაფერს ვაშავებ, რა გინდათ ჩემთან-მეთქი, ყველასთან კარგად ვარ, არავისთან მქონია დაპირისპირება, რაც გამგებელთან. მოხდა ის, რომ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მიჯიკა ხელი და გამომაგდო. დირექტორის მოადგილე ვარო, ასე მითხრა”, – ამბობს „მთავარ არხთან“ მედეა მოდებაძე.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულზე დაუკავშირდა ჭიათურის მერიის პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე მერია მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი