ახალი ამბები

კახეთის გუბერნატორი სამსახურებრივი მანქანით, ნასვამი, ავარიაში მოყვა – ენმ

15 დეკემბერი, 2021 • 11447
კახეთის გუბერნატორი სამსახურებრივი მანქანით, ნასვამი, ავარიაში მოყვა – ენმ

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი სამსახურის კუთვნილი მანქანით ავარიაში მოყვა. ბოტკოველი აცხადებს, რომ ავარიის მომენტში შიოშვილი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ მან დღეს, 15 დეკემბერს ბრიფინგზე ისაუბრა.

ავარიის შესახებ ინფორმაციას თავად შიოშვილი ადასტურებს, თუმცა უარყოფს ბოტკოველის დასახელებული შემთხვევის თარიღს და ამბობს, რომ მანქანას ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ბოტკოველის მტკიცებით, შემთხვევა 11 დეკემბერს, წინანდალში “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრის შემდეგ მოხდა.

“რამდენიმე დღის წინ კახეთში, ჭავჭავაძის წინანდლის რეზიდენციაში “ქართულმა ოცნების” ლიდერებმა ჩაატარეს დიდი საერთო ღრეობა, სუფრა, სადაც შეკრებილები იყვნენ როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები საქართველოს ყველა რაიონიდან, ასევე, გუბერნატორები და სხვა ჩინოვნიკები. კახეთის გუბერნატორი, ბატონი ირაკლი შიოშვილი მთვრალ მდგომარეობაში წინანდლიდან თელავის მიმართულებით გაემართა სახელმწიფო ავტომობილით.

ექიმებს მოატყუა, რომ თითქოს ის კიბეებზე დაგორდა და იქ მიიღო მცირე დაზიანებები. მე მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, იმ სამინისტროს მხრიდან, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, პოლიტიკურ იარაღად აქვს ბიძინა ივანიშვილს გამოყენებული, სასწრაფოდ გამოაქვეყნონ იმ დღის, იმ კონკრეტული ფაქტის დროს კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის ალკოტესტის შედეგები”, – განაცხადა ბოტკოველმა.

ფოტო: “მთავარი არხის” ეთერიდან

თავად შიოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ადასტურებს, რომ ავტოავარია ნამდვილად მოუხდა სამსახურებრივი მანქანით, რომელსაც თავად მართავდა. თუმცა უარყოფს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა შაბათს, 11 დეკემბერს მოხდა. ასევე უარყოფს იმასაც, რომ ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა:

“ქართული ოცნების ღონისძიება იყო შაბათს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კვირას [12 დეკემბერს], საღამოს საათებში. მე ვიყავი სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პროექტის სანახავად, იქიდან მოვდიოდი თელავის მიმართულებით და ავარია მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე. რაც შეეხება ნასვამობას, ნასვამი ვერ ვიქნებოდი, რადგან ერთი კვირა, ათი დღით ადრე გადატანილი მქონდა კოვიდი და პოსტკოვიდურ მკურნალობას გავდიოდი. ავარიის დეტალები ზუსტად არ მახსოვს. უკნიდან შევეჯახე დიდ სატვირთო მანქანას, მარტო ვიყავი. დაჟეჟილობები მაქვს მიღებული და ფეხი დამიზიანდა. მცირე დაზიანებებია.

სწრაფად არ მოვდიოდი, საღამო იყო და ალბათ ხილვადობის გამო მოხდა ავარია”, – განმარტა შიოშვილმა.

მისი თქმით, შემთხვევის შედეგად სატვირთო არ დაზიანებულა.

რაც შეეხება ზარალს, შიოშვილის განმარტებით, მანქანა დაზღვეული იყო და ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს ანაზღაურებასთან დაკავშირებული დეტალები.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

რაც შეეხება ბოტკოველის განცხადებას, რომ ირაკლი შიოშვილი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მეტი დეტალის თქმა არ შეუძლიათ.

ავარიის დროსთან დაკავშირებით კი უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამას გადაამოწმებენ და მოგვიანებით მოგვაწოდებენ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი