ახალი ამბები

აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს 14 წელი მიუსაჯეს

15 თებერვალი, 2010 • 2288
აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს 14 წელი მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  გასამართლებული არიან აჭარის ავტონომიის ყოფილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

სერგო გოგიტიძე 1994-1997 წლებში ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ბრალდების მიხედვით, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ ჩადენილი დანაშაული. სასამართლო განაჩენის მიხედვით, სერგო გოგიტიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული, რაც გამოიხატა  დავით ასანიძის გატაცებისა და მისი მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტის სახელმწიფო აღრიცხვიდან დამალვაში.

სასამართლომ ასევე ბრალდება დაზარალებულების _ ამირან შამილაძისა და მიხეილ ტაკიძის უკანონო დაპატიმრებასა და მათგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა. აჭარის ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი დაედო ხულიგნობისთვისაც, რაც გამოიხატა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტის ცემაში თავად გოგიტიძისა და მისი თანმხლები ნიღბიანი პირების მიერ.

ამ ბრალდების დამტკიცების მიუხედავად, სასამართლომ სერგო გოგიტიძე დაზარალებულების _ შამილაძისა და ტაკიძის უკანონო დაპატიმრებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისათვის გოგიტიძეს სასჯელი ვერ მიუსაჯა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია. ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის კი სერგო გოგიტიძეს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა.
სერგო გოგიტიძეს, საპატიმრო სასჯელთან ერთად, დაეკისრა ქრთამის სახით აღებული თანხების _ ამირან შამილაძისათვის 170 000 დოლარის, ხოლო მიხეილ ტაკიძისათვის _ 50 000 დოლარის გადახდა. ასევე დავით ასანიძისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 20 000 დოლარის ოდენობით.

სერგო გოგიტიძე ძებნილია, ის აჭარის ვარდების რევოლუციის შემდეგ რუსეთში წავიდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრის როსტომ ბოლქვაძის მიმართ. მას 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1997-2004 წლებში ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრობასთან ერთად ბოლქვაძეს რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა. იგი იყო აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, “საქართველოს საზღვაო ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერების განმტკიცების, მართლწესრიგის დაცვის, კორუფციისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უშიშროების საბჭოს მდივანი.

“საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მითითებულ პერიოდში როსტომ ბოლქვაძემ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტებით დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის გაფლანგა მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა 522 654 ლარი… სულ მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 543 655 ლარი და 35 თეთრი”, _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, როსტომ ბოლქვაძეს საპატიმრო მსჯავრთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურებაც დაეკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოლქვაძემ ხელისუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პარალელურად ჩაიდინა სხვა დანაშაულიც. მათ შორის, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში განზრახ არასრული და არასწორი მონაცემი შეიტანა, სხვისი მოძრავი ნივთი მიითვისა-გაფლანგა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აგრეთვე, სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენისა მიღების მიზნით. საქმე ეხება “საქართველოს საზღვაო ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობის პერიოდს, როცა როსტომ ბოლქვაძემ თავისი უფლებამოსილების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ ჩამოწერა და მიითვისა ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების ანგარიშზე შეტანილი, ამ უკანასკნელის კუთვნილი თანხა _ 2 065 654 ლარი.

სასამართლომ განაჩენი მსჯავრდებულის დაუსწრებლად გამოაცხადა. ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი ფინანსთა მინისტრი 2004 წლის 26 აგვისტოდან დღემდე ძებნაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი