ახალი ამბები

ბელარუსში 18 წლით დააპატიმრეს ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი

14 დეკემბერი, 2021 •
ბელარუსში 18 წლით დააპატიმრეს ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სერგეი ტიხანოვსკი 18 წლით დააპატიმრეს. ბლოგერსა და აქტივისტს, რომელსაც არეულობის ორგანიზებასა და სხვა მოქმედებებს ედავებოდნენ, განაჩენი 14 დეკემბერს გამოუტანეს.

ტიხანოვსკი გეგმავდა, მონაწილეობა მიეღო ბელარუსის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და გამოეწვია ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც 25 წელზე მეტია, ქვეყანას მართავს.

ტიხანოვსკიმ ეს ვერ შეძლო: ოპოზიციონერი კენჭისყრამდე დააკავეს, რის შემდეგაც ის ჩაანაცვლა  მისმა ცოლმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა.

ბელარუსის ცესკომ საკამათო, ფართოდ დისკრედიტირებულ არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ ლუკაშენკო გამოაცხადა.

ტიხანოვსკაიამ, რომელიც აცხადებს, რომ რეალური, გაუყალბებელი შედეგებით არჩევნებში თავად გაიმარჯვა, ბელარუსი კენჭისყრიდან მეორე დღეს, უსაფრთხოების რისკების გამო დატოვა. ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება და განაგრძობს აქტივობებს ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

არჩევნების შემდეგ ბელარუსში დაწყებულ მასშტაბურ პროტესტს ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა. ადგილობრივი უფლებადამცველების ცნობით, ქვეყანაში 800-ზე მეტი პოლიტპატიმარია. დახურეს ათეულობით არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია.

14 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლუკაშენკოს შურისძიებად შეაფასა მისი ქმრის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი.

“სანამ დახურულ სასამართლო პროცესებზე პოლიტიკურ პატიმრებს მალავენ, მას [ლუკაშენკოს] იმედი აქვს, რომ დუმილის ფონზე განაგრძობს რეპრესიებს.

თუმცა [ამ პროცესებს] მთელი მსოფლიო უყურებს. ჩვენ არ გავჩერდებით”, — დასძინა მან.

ტიხანოვსკაიას თქმით, გააგრძელებს თავისი საყვარელი ადამიანის დაცვას.

როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ტიხანოვსკისთან ერთად სხვა ოპოზიციონერებიც გაასამართლეს. მათ შორისაა ვეტერანი პოლიტიკოსი მიკოლა სტატკევიჩი, რომელიც 14 წლით დააპატიმრეს.

მანამდე, სექტემბერში, ბელარუსის სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მარია კოლესნიკოვას, რომელიც არჩევნების შემდგომი საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია.

„ვიცი, რომ სიბნელეს მოჰყვება სინათლე“ — 3 ბელარუსელი აქტივისტის ამბავი

მასალების გადაბეჭდვის წესი