ახალი ამბები

„ლელომ“ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

14 დეკემბერი, 2021 • 912
„ლელომ“ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა

„ლელომ“ პარლამენტში დაარეგისტრირა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე რეზოლუციის პროექტი. ამის შესახებ დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტისგან სათანადო პასუხს მოითხოვს.

„ის თავხედური თავდასხმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე, რაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოვისმინეთ, მოითხოვს არაერთაზროვან პასუხს საქართველოს პარლამენტისგან, როგორც ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი პოლიტიკური ორგანოსგან. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შეთანხმების რაღაც სივრცეზე, იმ სივრცეზე, სადაც შეიძლება, რომ ამ კიბის მარცხნივ და მარჯვნივ მსხდომმა ადამიანებმა ერთად დაუჭირონ რამეს მხარი, სწორედ ასეთი ინიციატივაა რეზოლუციის ის პროექტი, რომელსაც გთავაზობთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.

თუმცა სამადაშვილის თქმით, რამდენი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა გაგრძელდება, საქართველოს ნატო-ს წევრის სტატუსის მიღების არანაირი შანსი არ ექნება.


რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან ითხოვს, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული, რის გამოც დიალოგი აუცილებლად მიაჩნია.

რუსეთი ამ მიმართვაში მთავარ აქცენტს უკრაინაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს.

რუსეთი კიევს მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ის დონბასში ძალადობრივი სცენარისთვის ემზადება.

გარდა იმისა, რომ რუსეთი ნატოსგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, მას აქვს სხვა მოთხოვნებიც. რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს დიალოგი მის მიერ წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს და ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი კურსი.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი