ახალი ამბები

ენმ დაკავებულ აქტივისტებს სამთავრობო ცვლილების შემდეგ კომპენსაციას ჰპირდება

14 დეკემბერი, 2021 • 1368
ენმ დაკავებულ აქტივისტებს სამთავრობო ცვლილების შემდეგ კომპენსაციას ჰპირდება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებულ აქტივისტებს ჯარიმების თანხას ორმაგად აუნაზღაურებენ, დაკავებულებს და მათ ოჯახებს კი ფულად კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ ხაბეიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს მეორე მხარე, ვგულისხმობ მოსამართლეებს და პოლიციელებს, რომლებიც გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით იღებენ. მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ, უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, თქვენ სჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ცრუ მოწმეები არიან ხოლმე სასამართლოზე, და ასევე მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებენ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის განმარტებით, დაჯარიმებული აქტივისტების ნაწილს, ვისაც თანხა არ აქვს გადახდილი, ანგარიშები და ქონება დაყადაღებული აქვთ, რის გამოც ვერ ახერხებენ სრულფასოვნად ცხოვრებას. მათ შორის ვერ მუშაობენ და არ შეუძლიათ საკუთარი თანხის განკარგვა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც, რის გამოც მათ “გამოძიებაზე წლობით სიარული უწევთ”, დიდი ნაწილი კი ციხეშია.

გარეკანის ფოტო: კადრი “მთავარი არხის” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი