ახალი ამბები

სააკაშვილის ფსიქოტროპული მედიკამენტები თერაპიულ დოზირებას არ სცილდება – ომბუდსმენის კონსილიუმის ფსიქიატრი

12 დეკემბერი, 2021 • 1546
სააკაშვილის ფსიქოტროპული მედიკამენტები თერაპიულ დოზირებას არ სცილდება – ომბუდსმენის კონსილიუმის ფსიქიატრი

ომბუდსმენის სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის ახალი წევრის, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით მიხეილ სააკაშვილისთვის დანიშნული ფსიქოტროპული მედიკამენტები თერაპიულ დოზებს არ სცილდება. ამის შესახებ კურატაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, კოლეგებთან კონსულტაციის გარეშე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნების გაკეთება არ შეუძლია, თუმცა, კურატაშვილის შეფასებით ყოფილ პრეზიდენტს გარკვეული პრობლემები აქვს და სჭირდება როგორც მედიკამენტური, ასევე, სავარაუდოდ, ფსიქოთერაპიული ჩარევა.

“ჩვენ შევისწავლეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, გავესაუბრეთ მის მკურნალ ექიმთან, კოლეგების წინა ჩანაწერებსაც გავეცანი და ბატონ მიხეილსაც გავესაუბრე საკმაოდ დიდხანს და დაწვრილებით… მას ფსიქოტროპული მედიკამენტების გაზრდილი დოზები გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ მიუღია.

წამლები რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე ინიშნება, ჯერ ერთი უნდა იყოს დიაგნოზის შესაბამისი, შემდეგ იწყება მინიმალური ეფექტური თერაპიული დოზით, და იმის მიხედვით, თუ რა შედეგს მივიღებთ, უნდა მოიმატოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის, რაც ვნახეთ თერაპიულ დოზირებას არ სცილდება”, – განაცხადა კურატაშვილმა.

მანამდე, ცენტრ “ემპათიის” ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს დაუნიშნეს მედიკამენტი, რომელიც მისი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუარესებას უწყობდა ხელს. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობის პერიოდში იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რომელიც მას, ავადმყოფობიდან გამომდინარე, არ უნდა მიეღო.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან დიდი აქცენტები კეთდება “მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა პრობლემები მრავალმხრივია”, რომელსაც ერთიანი შეფასება სჭირდება.

“მისი ჯანმრთელობის პრობლემა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული, ამიტომ ჩემი თხოვნაც იქნება, რომ მაინცდამაინც ამ [ფსიქოლოგიურ] საკითხზე ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ვეცდებით, რომ ძალიან მალე იყოს ჩვენი დასკვნა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის შესახებ კი სახალხო დამცველმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტთა ჯგუფი მსგავს დასკვნას გააკეთებს, ის ამ რეკომენდაციების განხორციელებას მხარს დაუჭერს.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი