ახალი ამბები

სააკაშვილი იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რომელიც არ უნდა მიეღო – “ემპათიას” ნევროლოგი

12 დეკემბერი, 2021 •
სააკაშვილი იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რომელიც არ უნდა მიეღო – “ემპათიას” ნევროლოგი

ცენტრ “ემპათიის” ნევროლოგი, ოთარ თოიძე აცხადებს, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს დაუნიშნეს მედიკამენტი, რომელიც მისი ფსიქოსომატური მდგომარეობის გაუარესებას უწყობდა ხელს. ამის შესახებ თოიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სააკაშვილის მონახულებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ამ პრეპარატს შიმშილობის თითქმის სრულ პერიოდში იღებდა:

“ის ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტს, რომელიც მას არ უნდა მიეღო თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა. ეს მედიკამენტი დაუნიშნეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ დოზის რამდენჯერმე ცვლილება მოხდა და პირველი ვიზიტისას, 28 ნოემბერს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მედიკამენტი მისთვის ზედმეტი და დამაზიანებელი იყო. ეს პრეპარატი ხელს უწყობდა, რომ პრეზიდენტს დაეძინა”, – განაცხადა თოიძემ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 8 ექიმთან ერთად იმყოფება სახალხო დამცველი, მათ შორის ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის ახალ წევრთან, ფსიქიატრ მარინა კურატაშვილთან ერთად.

სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს და ექსპერტთა ჯგუფის ახალ წევრს ჰკითხეს თოიძის ნახსენებ პრეპარატთან დაკავშირებით, რაზეც მათ უპასუხეს, რომ ამ საკითხზე საუბარს სააკაშვილის მონახულების შემდეგ შეძლებდნენ:

“ჩემი ჩართულობის მთავარი მიზანია მისი ახლანდელი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება და დანიშნული მედიკამენტების შესაბამისობის გარკვევა. ამის დადგენა მარტივი არ არის, ზუსტად რომ დავადგინოთ უნდა ვიცოდეთ ზოგადად მისი ჩივილების ისტორია. ვერაფერს ვიტყვი, სანამ დოკუმენტაციას არ გავეცნობი”, – განაცხადა კურატაშვილმა.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის აპარატი ითვალისწინებს ალტერნატიული ექსპერტების დასკვნებს, თუმცა სამედიცინო შეფასებებისა რეკომენდაციების გაცემის დროს, აპარატი საკუთარი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს დაეყრდნობა.

“რა თქმა უნდა, გავეცნობით ალტერნატიულ დასკვნებსაც, თუმცა ვიმოქმედებთ, ჩვენი შეფასებების გათვალისწინებით”, – განაცხადა ლომჯარიამ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

გარეკანის ფოტო: კადრი “TV პირველის” ეთერიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი