ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში მომხდარ ტორნადოების სერიას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 დეკემბერს აშშ-ს 6 შტატში, მათ შორის არკანზასის, ილინოისის, კენტუკის, მისურის, მისისიპის და ტენესის შტატებში 30-ზე მეტი ტორნადო დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც განადგურდა სახლები, მაღაზიები, კერძო და საჯარო დაწესებულებები.
კენტუკის შტატის გუბერნატორის, ენდი ბიშერის განცხადებით, მხოლოდ კენტუკიში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი გარდაიცვალა. მისი შეფასებით, ტორნადოების ეს სერია კენტუკის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი იყო.
კენტუკის შტატში ტორნადომ დაანგრია სანთლების ქარხანა, სახანძრო და პოლიციის შენობები. მეზობელ შტატ მისურში დაინგრა მოხუცთა თავშესაფარი, ხოლო ილინოისის შტატში “ამაზონის” საწყობი, სადაც სულ მცირე 6 თანამშრომელი გარდაიცვალა.
კენტუკის გუბერნატორის თქმით, ქალაქ მეიფილდში სანთლების ქარხნის ნგრევისას შენობაში 110 ადამიანი იმყოფებოდა. გუბერნატორის შეფასებით, “სასწაული” იქნება, თუ შენობაში ვინმეს ცოცხალს იპოვიან.