ახალი ამბები

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება – ზალკალიანი

11 დეკემბერი, 2021 • 1089
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება და რუსეთის საგარეო საქმეთა განცხადება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე მიუღებელია

მისი თქმით, ნატო-ს გადაწყვეტილება შეუქცევადია და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატო-სა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც  ნატო-სკენ მიისწრაფვის.

„ნატო უნიკალური ორგანიზაციაა და ის დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით.

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები. ასევე ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ნატო-სკენ მიისწრაფვის და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის ნატო-ს კარი ღიაა და ეს არის ნატო-სა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც ზალკალიანი ამბობს,  საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი.

„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები არაერთხელ იყო გამეორებული სხვადასხვა უმაღლესი დონის სამიტის გადაწყვეტილებებში. 2008 წლის შემდეგ თითქმის ყველა სამიტზე არის ამის შესახებ საუბარი და მათ შორის ბოლო, 2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდ არის განმეორებული ის, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი“, – განაცხადა ზალკალიანმა.


რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან ითხოვს, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ნიშნულამდეა მისული, რის გამოც დიალოგი აუცილებლად მიაჩნია.

რუსეთი ამ მიმართვაში მთავარ აქცენტს უკრაინაზე აკეთებს და მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ უკრაინის მხარდაჭერა რეგიონში ვითარებას ძაბავს.

რუსეთი კიევს მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობაშიც ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ის დონბასში ძალადობრივი სცენარისთვის ემზადება.

გარდა იმისა, რომ რუსეთი ნატოსგან 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, მას აქვს სხვა მოთხოვნებით.

რუსეთი ითხოვს:

  • აშშ-სგან და ნატოსგან იურიდიულ გარანტიას, რათა არ განათავსონ თავდასხმის იარაღები რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ნატოს წევრები;
  • ოპერაციული წვრთნების ტერიტორია გადავიდეს რუსეთ-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე;
  • სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოების მაქსიმალური მანძილის კოორდინაცია სახიფათო სამხედრო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში;
  • თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლება რუსეთ-აშშ-ისა და რუსეთ-ნატოს ხაზით;

რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს დიალოგი მის მიერ წამოჭრილ თემებთან დაკავშირებით.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს და ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი კურსი.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის პოზიცია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.

აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი