ახალი ამბები

ტექინსპექტირების რეფორმა დაწყებულია, მაგრამ დღეს ჩანს, რომ გაჭედილივითაა – გელა კვაშილავა

10 დეკემბერი, 2021 • 1404
ტექინსპექტირების რეფორმა დაწყებულია, მაგრამ დღეს ჩანს, რომ გაჭედილივითაა – გელა კვაშილავა

გარემოს ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში, გელა კვაშილავა ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლის გადავადებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი წლით გადაავადებს გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგოდ გასატარებელ ღონისძიებებს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ კვალიშიალვამ ნეტგაზეთთან ისაუბრა.

საქმე ეხება 6 დეკემბრის დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ავტომანქანებში გამონაბოლქვის/კატალიზატორის კონტროლი 2022 წლიდან აღარ გამკაცრდება. კერძოდ, თუკი 2021 წელს მოქმედი ნორმით, ავტომობილების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის ნორმა იყო 0,6%, 2022 წლიდან ის მცირდებოდა: ძრავის დაბალ და მაღალ ბრუნზე, გამონაბოლქვში CO-ს მთლიანი მოცულობის დაშვებული ნორმა 0,5% და 0,3% ხდებოდა.

კვაშილავას განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებაში საუბარია, რომ საქართველომ უნდა შექმნას ჰაერის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გადაადგილებას შეუწყოს ხელი. თუმცა კონკრეტული თარიღები, როდის რომელი ღონისძიება უნდა გატარდეს, არ არის გაწერილი.

მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანების გამონაბოლქვის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს, რადგან ეს პირდაპირ აისახება გარემოს დაბინძურებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე:

“გამონაბოლქვის კონტროლზე საუბრისას კატალიზატორი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა. გვინდა თუ არ გვინდა კატალიზატორის გარეშე სუფთა გამონაბოლქვზე საუბარი მითია. რაც არ უნდა გამართული იყოს ავტომანქანა, კატალიზატორის დანიშნულებაა, რომ მავნე გამონაბოლქვი გაფილტროს. ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ამოქმედდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, გაკეთდა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები, მაგრამ შემცირდა მანქანების მიმართივანობა. პრობლემა ცენტრებს გარეთ მონიტორინგის პროცესშია. თუ არ მოწმდება [მანქანების გამართულობა], მძღოლები კატალიზატორის ქონას თავს არიდებენ. ამ გადავადებით გამოდის, რომ ეს ცვლილებები [გარე მონიტორინგი] ერთი წლით გადავადდა”, – ამბობს კვაშილავა.

მისი განხადებით, ამ მხრივ მთავრობამ აქტიურად უნდა გადადგას ეფექტური ნაბიჯები, რომ არ გაიწელოს პერიოდული ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის პროცესი. კვაშილავას თქმით, საკითხი კომპლექსურია, მასში რამდენიმე სამინისტრო უნდა ჩაერიოს და უნდა შეიქმნას მობილური ჯგუფები, რომლებიც ტექდათვალიერების ცენტრებს გარეთ მანქანების გამონაბოლქვს გააკონტროლებს:

“კატალიზატორების და ზოგადად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების კუთხით ეს რეფორმა დაიწყო, მაგრამ ამ ეტაპზე ჩანს, რომ გაჭედილივითაა, რადგან უნდა დაინერგოს ცენტრის გარეთ მონიტორინგის და შემოწმების სისტემაც, რომ რეალურად გაკონტროლდეს [გამონაბოლქვი]. ჩვენ დღეს თუ ხვალ უნდა გადავწყიტოთ ეს საკითხი იმიტომ, რომ მატულობს ავტომობილების რაოდენობა, მატულობს დაბინძურება. 2022 წლამდე უფრო მომზადებული უნდა მოვსულიყავით”, – განაცხადა კვაშილავამ.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდში ავტომანქანების რაოდენობამ 5-7%-ით მოიმატა. საქართველოში დარეგისტრირებული ავტომანქანების 45% კი 20 წელზე მეტისაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი