ახალი ამბები

2021 წელს ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით მტრული გარემო იყო – ლომჯარია

10 დეკემბერი, 2021 • 1195
2021 წელს ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით მტრული გარემო იყო – ლომჯარია

სახალხო დამცველის შეფასებით, 2021 წელს მედიის თავისუფლების მდგომარეობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი და მტრული გარემო იყო.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ დღეს, 10 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაჯამა.

„მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რაც ჟურნალისტების მიმართ ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებობს და განსაკუთრებით 2021 წელს ჰქონდა ადგილი. 2021 წელს სახალხო დამცველმა კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის ათობით შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური/აგდებული დამოკიდებულება და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არა მხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტებისა და ზოგადად მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა.

„2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად, 45 ჟურნალისტს და ოპერატორს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვრცლად სახალხო დამცველის ანგარიში ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი