ახალი ამბები

არ მაქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანის საჭიროება არსებობს — ლომჯარია

10 დეკემბერი, 2021 •
არ მაქვს მტკიცებულებები, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანის საჭიროება არსებობს — ლომჯარია

სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, ამ ეტაპზე არ აქვს მტკიცებულებები, რაც ათქმევინებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა ესაჭიროება. ამის შესახებ მან დღეს, 10 დეკემბერს, განაცხადა.

„ამაზე [საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაზე] უნდა არსებობდეს ექიმთა დასკვნა. თუ ისინი იტყვიან, რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაცია, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. თუმცა ამ ეტაპზე ასეთი რამ ჩემი კონსილიუმის ექიმების მხრიდან არ თქმულა. თუმცა, საინტერესოა ვნახოთ და შევაფასოთ, რა ვითარებაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

რა თქმა უნდა, თუ პაციენტს აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის რეაბილიტაცია საქართველოში, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ესეც შეიძლება იქნას განხილული. თუმცა მე ამ წუთას არ მაქვს მტკიცებულებები, რაც მათქმევინებდა, რომ ეს საჭიროება არსებობს“, — განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, მის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფს დაემატებიან სპეციალისტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისთვის ფსიქოტროპული წამლების დანიშვნას შეაფასებენ.

„ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმან, რომ დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი და პირადი ექიმი საუბრობს გარკვეულ წუხილებზე თუ კითხვის ნიშნებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას დიდი დოზით დაენიშნა გარკვეული ფსიქოტროპული წამლები და რომ ეს არ შეესაბამებოდა პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. ამიტომ ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ დავამატოთ ამ დარგის სპეციალისტები ჩვენს კონსილიუმს და მათი დახმარებით მისი ჯანმრთელობის ეს კომპონენტიც შევაფასოთ“, – გადაწყვიტა ნინო ლომჯარიამ.

გუშინ, 9 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა.

‘მე ვიტყოდი, რომ უფრო სუსტად მომეჩვენა, ვიდრე 2 დღის წინ, როცა ვიყავი ბოლოს“, – განაცხადა ყიფშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი