ახალი ამბები

პანდემიის მართვისას მთავრობა გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით იღებდა – ლომჯარია

10 დეკემბერი, 2021 • 1316
პანდემიის მართვისას მთავრობა გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მიზანშეწონილობით იღებდა – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ხელისუფლება პანდემიის მართვის პროცესში გადაწყვეტილებებს არა ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით იღებდა. ამის შესახებ მან დღეს, 10 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობა შეაჯამა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ არჩეული პანდემიის მართვის მიდგომებმა და მოდელმა რეალური საფრთხე შეუქმნა ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას.

„კერძოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არაეფექტური იყო ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. გარდა ამისა, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები, უმეტესწილად, კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ ეფუძნებოდა.

ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტების შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ასე შემდეგ, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ რეგულაციები წესდებოდა არა მეცნიერული ან სამედიცინო, ან ეპიდემიოლოგიური გათვლებით, არამედ პოლიტიკური თუ სხვა მიზანშეწონილობის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა სავალდებულო ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული კატეგორიების პირების სავალდებულო ვაქცინაცია მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით დისკრიმინაციად არ ითვლება.

„ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოში გავაკეთეთ ამასთან [სავალდებულო ვაქცინაციასთან] დაკავშირებით საჯარო მიმართვა ხელისუფლების მიმართ. ვინაიდან შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე აშშ-ის სასამართლო გადაწყვეტილებები, თანასწორობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ჯანმოსა და გაეროს რეკომენდაციები ამ მიმართულებით. ჩვენ ვთქით, რომ გარკვეული კატეგორიის პირებისათვის, მაგალითად: ექიმები, საჯარო სფეროში დასაქმებული პირები, მომსახურების სფეროში დასაქმებულები – პირები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება აქვთ მოწყვლად ჯგუფებებთან, შესაძლებელია დაექვემდებარონ სავალდებულო ვაქცინაციას და ეს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში არ ითვლებოდა დისკრიმინაციულ პრაქტიკად.

ჩვენი რეკომენდაცია იყო ის, რომ შექმნილი ძალიან მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას უფრო მეტი მოთხოვნა დაეყენებინა გარკვეული კატეგორიების პირების სავალდებულო ვაქცინაციისაკენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვრცლად სახალხო დამცველის ანგარიში ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი