ახალი ამბები

მედიასთან დაკავშირებით საჯარო უწყებების განცხადებებს შევისწავლით – ომბუდსმენი

9 დეკემბერი, 2021 • 1270
მედიასთან დაკავშირებით საჯარო უწყებების განცხადებებს შევისწავლით – ომბუდსმენი

ომბუდსმენი შეისწავლის მედიის შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებს საჯარო უწყებების მხრიდან. ამის შესახებ დღეს, 9 დეკემბერს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„თვალშისაცემია ეს მიდგომები და განცხადებები. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას შევისწავლით, წინასწარ, ალბათ, არ გავაკეთებ კომენტარს დისკრიმინაციულობასთან დაკავშირებით, რადგანაც წარმოებას დავიწყებთ და შევისწავლით. თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები დემოკრატიულ საზოგადოებაში არ უნდა კეთდებოდეს.

ალბათ, წარმოუდგენელი იქნება, მაგალითად, სახალხო დამცველმა შეუზღუდოს მედიის რომელიმე წარმომადგენელს დასწრება ჩვენს ბრიფინგებზე. იგივე ეხებათ სხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატი არის საჯარო უწყება, ასევე არის სამინისტროები თუ მერია საჯარო დაწესებულებები, რომელთა ვალდებულებაა, რომ თანაბარი წვდომა მისცენ მედიას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, მედია თავად წყვეტს, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკით და საკუთარი ეთიკის სტანდარტების დაცვით, როგორ აირჩევს ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებას და მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს შეიძლება ეს არ მოსწონდეს, არ ნიშნავს, რომ მედიას ხელი უნდა შეუშალოს.

გუშინ, 8 დეკემბერს, კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტების შესასწავლად სახალხო დამცველს მიმართა.


8 დეკემბერს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები კონკურსის გარეშე, “საკუთარი შეხედულებით” დანიშნა. ამის შესახებ წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომლის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ მედიის ნაწილს, მათ შორის, “ნეტგაზეთს” არ მიაწოდა.

ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” ჟურნალისტები. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამინისტროში მისულ ჟურნალისტს ადმინისტრაციის თანამშრომელი ეუბნება, რომ “წინასწარ იცის, რომელი ტელევიზია უნდა შეუშვან”:

“ასე არ გავუფრთხილებივართ, რომ არ შემოუშვათო, მაგრამ სია გვაქვს, ვინც უნდა შევიდეს. მე როგორც ვიცი, TV პირველი არ უნდა შევიდეს…”, – უთხრა ადმინისტრაციის თანამშრომელმა.

ჟურნალისტის თხოვნაზე, მისთვისაც ეჩვენებინათ აღნიშნული სია, ადმინისტრაციის თანამშრომელმა თქვა “ნუ, არ არის სია და… ზეპირად იცის დაცვამ”.

მოგვიანებით თეა წულუკიანს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ბლოკავს მის ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, პასუხად კი წულუკიანმა ჟურნალისტებს „აღვირახსნილები“ უწოდა.

„თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!“ – უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტს.

“ნეტგაზეთი” დილიდან ცდილობდა კულტურის სამინსიტროსთან დაკავშირებას, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი რუსუდან უშიკიშვილი სატელეფონო ზარებსა და მოკლეტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.

კულტურის მინისტრის ბრიფინგზე ჟურნალისტების არდაშვების პირველი შემთხვევა არ არის. 22 ნოემბერს სამინისტროში ბრიფინგზე არ დაუშვეს “TV პირველის” და “მთავარი არხის” ჟურნალისტები. მაშინ სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია “ნეტგაზეთსაც” და უწყების პრესსამსახური, დღევანდელის მსგავსად, მაშინაც არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს.

დღეს, 9 დეკემბერს კი,  თბილისის მერი კახა კალაძე მედიას დაემუქრა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედია, რომელიც მერიის მიერ დაანონსებულ ღონისძიებაზე მიდის და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას არ გააშუქებს, თბილისის მერიას “ურთიერთობების გადახედვა მოუწევს და მიიღებს კონკრეტულ ზომებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი