ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ, 55-ე რაუნდზე, რომელიც 7-8 დეკემბერს გაიმართა, ქართული მხარის ცნობით, განხილვის მთავარ თემებს “ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული დე ფაქტო ანექსიის პროცესი, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენდა”.
საქართველოს დელეგაციამ, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით გააქტიურებულ ნაბიჯებზე.
“ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის „პროგრამის” განხორციელებისა და საოკუპაციო რეჟიმებთან ბოლო პერიოდში დადებული ე.წ. შეთანხმებების საკითხი, რომელთა მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში შთანთქმაა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული დესტრუქციული ნაბიჯები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული და ევროპაში სუვერენული სახელმწიფო საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობას წარმოადგენს”.
აფხაზური მხარე საქართველოს ხელისუფლებას “საზღვრების” შეთანხმებას სთავაზობს
საქართველოს დელეგაციის წევრებმა, ოფიციალური ცნობითვე, ისაუბრეს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გამოწვევებზე და მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმეს საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
“ქართველმა მონაწილეებმა კვლავაც მწვავედ დასვეს ირაკლი ბებუას წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემა და ხაზი გაუსვეს საკითხის ჰუმანიტარული მიდგომის საფუძველზე გადაჭრის აუცილებლობას”.
კიდევ ერთო საკითხი, რომელზეც ქართულმა მხარემ ისაუბრა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული რთული ვითარება და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციის საკითხები იყო.
“კვლავაც მწვავედ დაისვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების უცხოელებად დარეგისტრირება, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფის თემა. ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე, კოდორის ხეობის მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას”.
საქართველოს დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის 2 წლის განმავლობაში ჩაკეტვისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის იზოლაციის უაღრესად მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ახალგორის რაიონში შექმნილმა ჰუმანიტარული კრიზისმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკუთარი სახლების დატოვება და რაიონის დაცარიელება გამოიწვია. ხაზი გაესვა ორივე რეგიონში დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების უპირობოდ გახსნისა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას.
დისკუსიების დროს, მხარეებმა ასევე 3 წლის განმავლობაში შეჩერებული გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფუძემდებლური პრინციპების დაცვით აღდგენაზე ისაუბრეს.
“საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კონსტრუქციულ მიდგომას გამოიჩენენ და შესაძლებელს გახდიან ამ მნიშვნელოვანი ფორმატის შეხვედრების შეყოვნების გარეშე განახლებას.
მოლაპარაკებების ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობა”.
რაც შეეხება “დევნილთა დაბრუნების” თემას, როგორ ეს წლების განმავლობაში ხდება, დისკუსია კლვავ ვერ შედგა.
“საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს”.
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2022 წლის 29-30 მარტს გაიმართება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები.