ახალი ამბები

საქართველოში მწვანე სტატუსი უცხო ქვეყნებში ვაქცინირებულებსაც ექნებათ

9 დეკემბერი, 2021 • 1407
საქართველოში მწვანე სტატუსი უცხო ქვეყნებში ვაქცინირებულებსაც ექნებათ

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა.  შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

დადგენილების თანახმად, ელექტრონულ პორტალზე – www.covidpass.moh.gov.ge, აპლიკაციაში – CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის ან ნეგატიური PCR-ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე მოხდება.

მთავრობის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაში გაცემული საბუთით დაუბრკოლებლად შეძლონ მწვანე სტატუსით სარგებლობა.

„მწვანე პასპორტის” კონცეფცია საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის” პრინციპით შეუძლიათ შესვლა: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულსივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესისობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. „მწვანე პასპორტის” მოთხოვნა მოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი