ახალი ამბებიეკონომიკა

უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ვადა 15-დან 10 წლამდე მცირდება

8 დეკემბერი, 2021 • 1898
უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების ვადა 15-დან 10 წლამდე მცირდება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა უცხოური ვალუტით უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შეამცირა.

ეროვნული ბანკის დირექტორის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2021 წლის აპრილიდან უცხოური ვალუტით უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა.

„არსებული ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, ამ სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10 პროცენტი იქნება.

ამ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯერებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას.

ეს ასევე საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხის ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს, გაცვლითი კურსის რისკთან ერთად, თან ახლავს საპროცენტო რისკი.

სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული პანდემიის დროს.

ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ასევე დაეხმარება დიდი მოწყვლადობის შემცირებას, რომელსაც ეკონომიკის დოლარიზაცია წარმოადგენს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ფინანსური სტაბილურობის მომდევნო სხდომა 2022 წლის მარტში ჩატარდება.

დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პუნქტით გაზარდა, რამაც 100 000-ზე მეტი მოქალაქისთვის რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი გააძვირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი