ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის მუშაობის განსაკუთრებით დიდი ნაწილი მოდის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების ზედამხედველობაზე, როდესაც შრომის უსაფრთხოების სხვა საკითხები უყურადღებოდ რჩება.
ორგანიზაცია აღნიშნული განცხადებით ეხმაურება ტყიბულში, ქვანახშირის ერთ-ერთ მაღაროში ორი ადამიანის გარდაცვალებას.
შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, ერთ-ერთ შახტში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა.
მასაში მოყოლილი ორი პირიდან ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის 29 ნოემბერს გარდაიცვალა.
„თავად შემთხვევა ტრაგიკული იყო, თუმცა ეს კიდევ უფრო მტკივნეული იქნება, როდესაც კონტექსტს გავიაზრებთ“, – წერს ორგანიზაცია.
HRW-ის თანახმად, საქართველოს მაღაროებში მუშაობის საფრთხეები კარგად არის დოკუმენტირებული, მათ შორის, ამავე ორგანიზაციის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
თუმცა, როგორც ორგანიზაცია წერს, ეს მდგომარეობა 2020 წელს საქართველოს შრომის კოდექსში ყოვლისმომცველი ცვლილებების მიღებას უნდა შეეცვალა.
„რეფორმებმა შემოიღო რეგულაციები ისეთი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამის ცვლებში მუშაობა, ყოველკვირეული და ყოველდღიური შესვენებები. ცვლილებებმა ასევე გააძლიერა საქართველოს შრომის ინსპექცია“, – წერია ორგანიზაციის მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
მართალია, რეფორმები ძალაში პირველ იანვარს შევიდა, თუმცა მისი ეფექტურობა, HRW-ის შეფასებით, „შეზღუდულია“:
„როგორც ჩანს, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ შრომის ინსპექციას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, რათა ეფექტურად იმუშაოს. [ასე რომ არ ყოფილიყო], შესაძლოა, ტყიბუილის შახტებში მომხდარი შემთხვევა თავიდან აცილებულიყო“.
„ღირსეული შრომის პლატფორმის“ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, – რომლის წევრიც არის Human Rights Watch-ი, – შრომის ინსპექციამ 2019 წლის სექტემბრის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით სამთო მრეწველობაში მხოლოდ 10 შემოწმება ჩაატარა, რომელთა შორის არცერთხელ არ მოხვედრილა ტყიბული.
„Covid-19-მა გააუარესა ვითარება. 2020 წლის გაზაფხულიდან შრომის ინსპექციას დაევალა საქართველოს მასშტაბით ათასობით ობიექტის შემოწმება პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან შესაბამისობაში. ამის შემდეგ ის სხვა რამის გაკეთებას ნაკლებად ახერხებს“, – წერს ორგანიზაცია.
განცხადებაში ნახსენებია შრომის ინსპექციის სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2021 წლის პირველ კვარტალში ორგანომ Covid-19-თან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით 12 276-ჯერ ჩაატარა ინსპექტირება.
„ამავე პერიოდში კი შრომის უსაფრთხოების შემოწმება მხოლოდ 207 და ზოგადი შრომითი უფლებების შემოწმება მხოლოდ 45 შემთხვევაში მოხდა“, – წერს ორგანიზაცია და დასძენს: „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინსპექციის მუშაობის დაახლოებით 98 პროცენტი ეხებოდა პანდემიას“.
სამუშაო ადგილებზე Covid-19-თან ბრძოლა „მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმ რესურსების ხარჯზე, რომლებიც განკუთვნილია მუშაკთა უსაფრთხოების დასაცავად უფრო ფართო კონტექსტში“, – მიიჩნევენ HRW-ში.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს შრომის ინსპექცია და მიაწოდოს მას ის რესურსები და პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მას თავისი საქმის ეფექტურად შესასრულებლად სჭირდება“, – აცხადებს ორგანიზაცია.