ზუგდიდის მერიასთან ოპოზიციის აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ზუგდიდის საკრებულოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსაც. როგორც ენმ-ის წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ არა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მიერ მათთვის ერთი მანდატის „წართმევა“, ზუგდიდში კრიზისი არ შეიქმნებოდა.
„ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ზუგდიდში. დღეს რომ ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისია, ვერ ირჩევა საკრებულოს თამვჯდომარე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ სრულყოფილად თავის უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ზუგდიდის მერი, რაც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარესობისკენ, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება.
იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხთან ერთად ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ჩვენ წაგვართვა ერთი მანდატი და ამით დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, რომელიც აუცილებელი იყო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისთვის. ამიტომაც მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ზუგდიდელები ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და ეს პოლიტიკური კრიზისი თითოეული მათგანის ცხოვრებაზე აისახება“, – განაცხადა „ფორმულასთან“ ანი წითლიძემ.
მისივე თქმით, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ უნდა იცოდეს, რომ ის „მშვიდად და წყნარად ვერ დაჯდება კაბინეტში, ვერ იმუშავებს და ვერ ივლის ზუგდიდში, იმიტომ, რომ ის იყო მთავარი მონაწილე იმისა, რომ ზუგდიდელებს წაართვეს თავისუფალი არჩევნები“.
3 დეკემბერს ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე ვერ აირჩია და სხდომა 1 კვირით გადაიდო. ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის განხილვამდე, მას შემდეგ შეწყდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა სხდომა დატოვეს. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი კვორუმი აღარ იყო.
დღის წესრიგის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უნდა აერჩია თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. კანონმდებლობის თანახმად, თავმჯდომარეს ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
ზუგდიდის საკრებულოში 45 დეპუტატია. ენმ-ს 22 წევრი ჰყავს, „ქართული ოცნებას“ – 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“- 3 მანდატი.
ზუგდიდში, პირველადი შედეგებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოს უმრავლესობა უკვე გარანტირებულად ჰქონდა მოპოვებული პროპორციული და მაჟორიტარული ადგილები. ზუგდიდის საკრებულოს 45 დეპუტატიდან ენმ-ს 23 წევრი ეყოლებოდა, „ქართულ ოცნებას“ – 18, გახარიას კი – 3.
მეორე ტურში მხოლოდ ერთი მანდატის ბედი წყდებოდა „ოცნებასა“ და ენმ-ს შორის, თუმცა ეს მანდატი უმრავლესობის ბედს ვერ წყვეტდა.
7 ოქტომბრის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.
ფოტო:ფორმულა