ახალი ამბები

საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულნი ვართ – FIBA

4 დეკემბერი, 2021 • 2517
საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით შეშფოთებულნი ვართ – FIBA

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის განცხადებით, ფედერაცია შეშფოთებულია თბილისში ევრობასკეტ 2022-ისთვის განკუთვნილი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით.

ნოვაკმა ეს განცხადება თბილისში ყოფნისას, დღეს, მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მშენებარე ობიექტი მოინახულა.

„ახლახანს დავბრუნდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან. დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის მიმდინარეობა ვნახეთ.

ამ დროისთვის გადახურვა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. დრო გადის და ძალიან სწრაფად უნდა გაგრძელდეს სამუშაოები.

როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალისტურია.

ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, რომ ივნისი-ივლისის ფანჯრისთვის მაინც იყოს მზად ყველაფერი და აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები (დარბაზის) სატესტოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ახლა ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“, – განაცხადა კამილ ნოვაკმა.

საქართველო ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, რომელიც გათამაშებას უმასპინძლებს. საქართველოში ტურნირის ჯგუფური ეტაპის თამაშები ჩატარდება.

დარბაზი უნივერსიტეტის ქუჩაზე შენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი