შრომის ინსპექციის განცხადებით, მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ „ხიდზე“ აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
როგორც შრომის ინსპექცია აცხადებს, მათ ღამის კლუბი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების ჩატარება კვლავ აკრძალულია მიუხედავად იმისა, რომ პირველი დეკემბრიდან გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა ე.წ. მწვანე პასპორტით არის შესაძლებელი.
„მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით.
აქვე აღსანიშნავია, რომ “მწვანე ზონების” კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება“, — წერია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაჯარიმებამდე კლუბ „ხიდის“ წარმომადგენლებმა ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაჯარიმების შემთხვევაში ისინი სანქციას გაასაჩივრებდნენ.