ახალი ამბები

კონსილიუმის წევრის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მათი ყოველდღიური ჩართულობა საჭირო აღარაა

3 დეკემბერი, 2021 • 1091
კონსილიუმის წევრის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მათი ყოველდღიური ჩართულობა საჭირო აღარაა

ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი, ნინო შარაშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური შემოწმების საჭიროება აღარ დგას.

შესაბამისად, კონსილიუმი მას რამდენიმე დღეში ერთხელ მოინახულებს. ამის შესახებ შარაშიძემ დღეს, 3 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილ პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

“ზოგადი თერაპიული სტატუსი სტაბილურია, პერიოდულად აქვს საერთო სისუსტე, რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება ხოლმე მისი ემოციური ან ფიზიკური აქტივობის შემდეგ. გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლები ჯერ კიდევ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩართულობას და ამ მედიკამენტებს იღებს.

ჩვენი, კონსილიუმის ყოველდღიური ჩართულობა, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე საჭირო არ არის. რასაკვირველია, ყოველმიზეზგარეშე, პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში გამოვცხადდებით”, — განაცხადა შარაშიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კონსილიუმის წევრი ექიმები სააკაშვილს 5 დღეში ერთხელ მოინახულებენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.

შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მთავარი ფოტო: ნინო შარაშიძე, ტვ “პირველი”

მასალების გადაბეჭდვის წესი