ახალი ამბები

მოსამართლემ განმარტა, რატომ აქვს სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება

2 დეკემბერი, 2021 • 2234
მოსამართლემ განმარტა, რატომ აქვს სააკაშვილს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესს განიხილავს, განმარტავს, რატომ აქვს და უნდა ჰქონდეს ამ უკანასკნელს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება.

დღეს, 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესია დანიშნული. სხდომას ესწრება თავად სააკაშვილიც.

პროცესის მიმდინარეობისას პროკურორებმა მოსამართლეებს მიმართეს შუამდგომლობით, რომ წინა სხდომის მსგავსად, სააკაშვილს აღარ ჰქონოდა დიდხნიანი პოლიტიკური შინაარსის მიმართვის უფლება. რაც მოსამართლემ უარყო.

კოჭლამაზაშვილის დასაბუთებით, როგორც წესი, ბრალდებულებს სასამართლო არ აძლევს საშუალებას, პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს, თუმცა ეს საქმე განსაკუთრებულია:

„გადახვევასაც და არგადახვევასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონდეს.

ეს გადახვევა რატომ იქნება დაშვებული – როდესაც პირი, ბრალდებული, აქტიური პოლიტიკური ფიგურაა, როდესაც ის მსჯელობს იმაზე.. ყოველ შემთხვევაში მისი დაცვის მხარე აქამდე –  რომ მას პოლიტიკური ნიშნით სდევნიან, როდესაც მას წარდგენილი აქვს ბრალდება მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ეს სამსახურებრივი მდგომარეობა გახლდათ პრეზიდენტობის პერიოდი, და პრეზიდენტობა გახლავთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, აი, ასეთ დროს, ბრალდებულს არ მისცე პოლიტიკური განცხადებების შესაძლებლობა, ეს ყოვლად დაუშვებელია.

ამიტომ მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაც ექნება, თავისი ბრალდების ირგვლივ პოზიციის დაფიქსირებაც… მას არ უთქვამს ჯერჯერობით, რომ ის ჩვენების მიცემას აპირებს, რაც ბრალდების მხარეს მოგცემდათ მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობას“, – ამბობს მოსამართლე.


სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეზე პროკურატურამ ექსპრეზიდენტს 2014 წელს წარუდგინა ბრალი.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს შორის დადებული შეთანხმების, ასევე, სააკაშვილის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009-2013 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარი გაიფლანგა.

პროკურატურა საუბრობს როგორც სააკაშვილისთვის, ისე სხვა ფიზიკური პირებისათვის გაწეულ მომსახურებაზე, რომელთა ხარჯების დასაფარადაც საიდუმლო ფორმით გაიფლანგა ბიუჯეტის ფული.

პროკურატურის თანახმად, მაგალითად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

მიხეილ სააკაშვილი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი