ახალი ამბები

სააკაშვილის პოზიციები შეწყალების, გელაშვილის ცემისა და 7 ნოემბრის საქმეებზე

29 ნოემბერი, 2021 • 2078
სააკაშვილის პოზიციები შეწყალების, გელაშვილის ცემისა და 7 ნოემბრის საქმეებზე

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე იმ საქმეებზე ისაუბრა, რომლებსაც მას პროკურატურა ედავება.

სააკაშვილის თქმით, არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და ეს მხოლოდ პიარისთვისაა მოგონილი.

„მე ვარ გასამართლებული უკვე ორ საქმეზე, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას – პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები.

2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროს… მათ შორის ერთი ჩემ მიერ ამნისტირებული გავიგე, რომ თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში. ოღონდ ამნისტია კი არა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდე 6 თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი უდოთი და აქედან ერთი ახლა მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა?! ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?!“- განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ვალერი გელაშვილის საქმეს, სააკაშვილის თქმით, ამ საქმეში სათანადო მტკიცებულებები არ არსებობს. მისი თქმით, სწორედ იმის გამო ინტერპოლმა იგი საქართველოს არ გადმოსცა.

„მეორე საქმეზე აღარც ვლაპარაკობ. გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური „hearsay“, რაც ნიშნავს, რომ მე გავიგე, რომ იმან გაიგო… აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში სამართლიან სისტემაში არ შეიძლება იქნას მიღებული, როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს, ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ თქვენ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო, და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ ველაპარაკე ინტერპოლის დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს, რომლის განხილვაც დღეს სასამართლოში იმართება, სააკაშვილი ამჟამინდელ ხელისუფლებას 2019 წლის 20 ივნისსა და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე მიუთითებს.

„რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს, რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს 7 ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას. გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. ეს ერთი. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა? რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა თავისი პირდაპირი მოწოდებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა ის გეოპოლიტიკური და ქვეყნის შიგნით არსებული პროცესები გაიხსენა, რაც 7 ნოემბერს წინ უძღოდა.

„მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006-ში პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს. იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მითხრა, ვინ არის ეს არკადი პატარკაციშვილიო, რომელსაც უნდა ჩემთან ჩამოსვლა და ითხოვს ნებართვას, რომ მე შემხვდესო, მე ვუთხარი, როგორც გინდა ქენი-თქო, მაგრამ არაფერი მაგ საქმიდან არ გამოვა-თქო და არ მიიღო. მერე პატარკაციშვილი მაინც ჩადის მინსკში. FSB-ს სამი გენერალი ჩავიდა ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი და პატარკაციშვილს შეხვდა და ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში.

2007 წლის ოქტომბერში თბილისში გაიმართა ისტორიული კონფერენცია, ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, ჩამოვიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საგარეო მინისტრი და აშშ-ს ელჩი ნატოში და სახელმწიფო მდივნის მოადგილე. პრაქტიკულად ამ კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოსთვის მაპის მიღება. წავიდნენ 30 ოქტომბერს და 2 ნოემბერს მოხდა ეს დიდი გამოსვლა და დემონსტრაცია თბილისში.

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვიდა რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა და იცოდა პატარკაციშვილის გეგმების შესახებ. ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ მტკივნეული რეფორმები. რამდენიმე ათეული ათასი პოლიციელი დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე, ინფლაცია იმ დროისთვის იყო საკმაოდ მაღალი და ვიღაცას მეტი შემოსავალი ჰქონდა და ვიღაც გაღარიბდა. ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, რომ ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული.

ამიტომ მართლაც იყო დიდი მიტინგი, ჩვენ ეს მივიღეთ როგორც სიგნალი. ამ მიტინგზე მივიდა სააკაშვილი, წარმოთქვა სიტყვა და უკვე ნათელი იყო ვისთვის და როგორ ეწყობოდა ეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამის შემდეგ სააკაშვილმა უშუალოდ 7 ნოემბრის დღე გაიხსენა და თქვა, რომ მას პოლიციისთვის ინსტრუქციები არ მიუცია.

„შემდეგ გაგრძელდა პატარა საპროტესტო აქციები და 7 ნოემბერს დილას მაღვიძებენ და მეუბნებიან, რომ იქ რაღაც პატარა შეტაკება მოუვიდა პოლიციას და მერე გადაიზარდა იმაში. დაახლოებით ისეთი რაღაც მოხდა, რაც დღეს სასამართლოს წინ, როცა გაზი შეასხეს დემონსტრანტებს და ვიღაცები დააკავეს. ამის შემდეგ ბევრად მეტი ხალხი გამოვიდა. უკვე სცენაზე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მე ამას ყველაფერს ვუყურებდი ტელევიზორით, მე არანაირი ინსტრუქციები არავისთვის არ მიმიცია. ისინი ასრულებდნენ მოვალეობას როგორც მათ ესმოდათ და როგორი გამოცდილებაც ჰქონდა ჩვენს პოლიციას, რომელიც იყო მაშინ ძალიან ახალგაზრდა და ძალიან გამოუცდელი. ღმერთმა დაგვიფარა და არავინ არ დაიღუპა ამ შეტაკებების დროს.

ეს ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა. ამის შემდეგ მე გადავდექი და შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე. რატომ გავაკეთე ეს? – იმის გამო, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები და ამ მიტინგის და გამოსვლების გამო არ დაგვბლოკოდა ჩვენ ნატოში ინტეგრაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს, რომელთაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სთხოვა, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.
რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი