ახალი ამბები

ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით, როცა სკოლების დიდ ნაწილში ტუალეტში წყალი არაა — ნაცვლიშვილი ჩხენკელს

1 დეკემბერი, 2021 • 850
ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით, როცა სკოლების დიდ ნაწილში ტუალეტში წყალი არაა — ნაცვლიშვილი ჩხენკელს

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი რეალობას აცდენილია. ამის შესახებ მან დღეს, პირველ დეკემბერს, პარლამენტში ჩხენკელის მოსმენისას განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, მინისტრს არ უსაუბრია განათლების სისტემაში არსებულ რეალურ გამოწვევებზე.

„ძალიან ცინიკურად მოგექცათ საკუთარი გუნდი, თქვენს შემობრძანებამდე დარბაზში ძალიან მკაფიო გზავნილი გაიგზავნა აქედან, რომ განათლებას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს – რამდენიმე წუთით ადრე თქვენმა გუნდმა მხარი დაუჭირა ყველაზე მაღალ თანამდებობებზე უზენაეს სასამართლოში ადამიანებს, რომლებიც არც განათლებით და არც კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან და ამით თქვენ დაგამცირათ.

ახლა რაც შეეხება თქვენს მოხსნებას. კარგია ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობები და ბირთვულ კვლევებში ჩვენი ჩართულობა. მაგრამ აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება, როცა ბირთვულ კვლევებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როცა თქვენ ხართ განათლების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდ ნაწილში ტუალეტში არ არის წყალი, ბავშვები სხედან მშივრები. ნუ შემეკამათება აქ რომელიმე კოლეგა, რომ ეს არის არასათანადო კვებაო.

ბავშვი როცა ამას ამბობს, ის ამბობს, რომ მშიაო. ტერმინებით თამაშს არ იწყებს და ისე მიდის სკოლაში. იმ განათლების მინისტრი ხართ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი ძალადობის და სოციალურად დაუცველობის გამო იძულებულია დატოვოს განათლების სისტემა. ამ დროს გვესაუბრებით ჩიკაგოს უნივერსიტეტთან გამყარებულ რაღაც თანამშრომლობაზე. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას“, — მიმართა ნაცვლიშვილმა ჩხენკელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი