ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვს ოპოზიცია ქართული მხარისთვის მიწების გადაცემაში ადანაშაულებს

1 დეკემბერი, 2021 • 1447
ბიბილოვს ოპოზიცია ქართული მხარისთვის მიწების გადაცემაში ადანაშაულებს

ავტორი: მურატ გუკემუხოვი, ცხინვალი


საქართველოსთან საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიამ, რომელიც 2020 წელს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულებით შეიქმნა, ბიბილოვი დაადანაშაულა საქართველოს სასარგებლოდ 200 კვ.კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორიის გადაცემის მცდელობაში. 

თავად ბიბილოვი ამის შესახებ არ საუბრობს. მისი უცნაური დუმილი საზოგადოებრივ აზრს ამყარებს იმაში, რომ სრულიად გამიზნულად გადასცა საქართველოს გარკვეული ტერიტორია, რაც ადგილობრივი ხელისუფლების ახალი კრიზისის საფუძველი შეიძლება გახდეს. 

სახელმწიფო კომისია 2020 წლის მარტში შეიქმნა. სამართლებრივი თვალსაზრისით, მისი შექმნის შესახებ განკარგულება აბსურდულია, რადგან დოკუმენტის მიხედვით, პრეზიდენტმა, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა, კომისიის შემადგენლობაში რატომღაც  შეიყვანა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ ბრძანებებს აძლევს. 

კომისიის ხელმძღვანელად ანატოლი ბიბილოვმა, მხოლოდ მისთვის ცნობილი მოტივებით, ოპოზიციონერი გარი მულდაროვი დანიშნა. 

ოპოზიციონერებმა, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიან, თითქოს ვერც შეამჩნიეს ეს უცნაურობა, თუმცა კომისიის მუშაობის შედეგებმა ბიბილოვი უკიდურესად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო. ამ შედეგების მიხედვით, ირკვევა, რომ პრეზიდენტი ცდილობდა საქართველოსთვის გადაეცა 200 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორია. 

კომისიის შედეგების გაცნობის შემდეგ ბიბილოვმა დაბლოკა პარლამენტში კომისიის მოსმენა, რითაც შექმნილი სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავა. 

ამჟამად მისი მისამართით ისმის ბრალდებები, მათ შორის, სახელმწიფო ღალატის შესახებაც. 

ადგილობრივი ექსპერტები ახალ სკანდალს მიიჩნევენ წნელისის კრიზისის გაგრძელებად. 

რა მოხდა იქამდე: საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხზე პირველი საპარლამენტო [და არა სახელმწიფო] კომისია 2018 წლის მაისში შეიქმნა. კომისიას ხელმძღვანელობდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი. 

მაშინდელი კომისიის შექმნის მოტივი იყო ის, რომ დეპუტატების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო რუსი მესაზღვრეების სადემარკაციო სამუშაოებით, რომლებიც მავთულხლართებით “უხეშად ჩეხავდნენ” როგორც ქართველების, ასევე ოსების საკარმიდამო მიწებს.

ამასთან, საპარლამენტო კომისიის დასკვნები საგანგაშო აღმოჩნდა სხვა მიმართულებითაც. კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ თუკი უახლოეს დროში სამხრეთ ოსეთი  დასავლეთით, წნელისის [უისტა] რაიონში, საგუშაგოს არ განათავსებს, “სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული პოლიცია შემოვა”. 

კომისიის წევრები თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ბიბილოვის ყურადღების მიქცევას შესაძლო ანექსიისადმი, მაგრამ მან დემონსტრაციულად უგულებელყო კომისიის დასკვნა. სახელისუფლებო “ერთიანი ოსეთის” დეპუტატებმა კი პარლამენტში დაბლოკეს კომისიის ანგარიშის მოსმენა. 

შედეგად, 2019 წლის 24 აგვისტოს ქართველმა სამართალდამცველებმა წნელისში საგუშაგო განათავსეს, ბიბილოვის მიმართ კი კვლავ კითხვები გაჩნდა. 

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში კვლავ მოითხოვეს კომისიის ანგარიშის განხილვა და დასკვნის უგელებელყოფის გამო დამდგარ შედეგზე პასუხი. 

ბიბილოვმა არც მაშინ იმართლა თავი, თუმცა, საზოგადოებრივი წნეხის გამო, ხელისუფლების პარტია იძულებული გახდა დაენიშნა საპარლამენტო მოსმენა, რომელიც თავის დროზე მიზანმიმართულად არ ინიშნებოდა.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა და სულ ოთხი სხდომა გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სახელმწიფო საზღვარი. 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ წნელისის ინციდენტიდან ოთხი თვის შემდეგ ბიბილოვმა პარლამენტს გაუგზავნა კანონი “სახელმწიფო საზღვრის შესახებ”. 

პროექტს თან ახლდა სამხრეთ ოსეთის ახალი რუკა, რომელიც სახელმწიფოს დაკვეთით შეასრულა ჩრდილოეთ კავკასიის აეროგეოდეზიის კომპანიამ. 

დეპუტატებმა მაშინვე “იყნოსეს” საეჭვო გარემოებები. პირველ რიგში, ის, რომ კანონპროექტს არ გაუვლია წინასწარი განხილვა კომიტეტებსა და პრეზიდიუმში. მეორე – დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება, გაცნობოდნენ მისაღები პროექტის შინაარსს და სპიკერმა ალან თედეევმა კოლეგებს შესთავაზა, ბრმად დაეჭირათ დოკუმენტისთვის მხარი. მოტივად კი “საიდუმლო” შინაარსი დაასახელა. დეპუტატებმა აღნიშნული არგუმენტი აბსურდულად მიიჩნიეს და რეგლამენტის დარღვევაზე უარი თქვეს.  

2020 წლის თებერვალში, ოთხთვიანი ბოიკოტის შემდეგ, ოპოზიცია დაბრუნდა სხდომათა დარბაზში და პარლამენტმა მუშაობა განაახლა. ოპოზიციონერთა ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა წნელისის კრიზისის შესახებ საპარლამენტო მოსმენების განახლება იყო.

ზუსტად ამ მოთხოვნების საპასუხოდ პრეზიდენტმა ბიბილოვმა, იმის საჩვენებლად, რომ საკითხი მნიშვნელოვანი იყო, შექმნა სახელმწიფო კომისია “საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის” საკითხში, რომელიც მისთვისვე აღმოჩნდა დამღუპველი.   

სახელმწიფო კომისიამ ახალი რუკა ძველს [1922 წელს შექმნილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრების რუკა] შეადარა. აღმოჩნდა, რომ ახალ რუკაზე 200 კვ. კილომეტრით ნაკლებია სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში. 

კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ახალი რუკით ტერიტორიის დიდი ნაწილი ქართული ბლოკპოსტის კონტროლქვეშაა.

გასაგებია, რომ კანონპროექტი ვერ გაჩნდებოდა წნელისში ქართული ბლოკპოსტის გაჩენიდან ოთხ თვეში, რადგანაც მის შემუშავებას 2-3 თვე მაინც დასჭირდებოდა. აქედან გამომდინარეობს დასკვნაც, რომ ტერიტორიების გადაცემა ჯერ კიდევ ქართული საგუშაგოს გახსნამდე მოხდა. 

სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წარმომადგენლის, თემურ ცხურბათის განმარტებით, 2010 წელს იკვლევდა წნელისის დასავლეთ ხეობას, რომელიც იმ დროისთვის უკონტროლო იყო და მოგვიანებით ქართული მხარის კონტროლქვეშ გადავიდა.

ხეობაში თეთრი მარმარილოს და ტალკის საბადოებია. საბჭოთა დროს ამ მარმარილოთი მოპირკეთდა მეტროს ერთ-ერთი სადგური მოსკოვში. ადგილობრივ ექსპერტთა მტკიცებით, ამავე ადგილას მოიპოვება სხვა სასარგებლო წიაღისეულიც. 

ცხურბათის თქმითვე, ის ცდილობდა ახნა- განმარტების მოპოვებას სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელისგან, სერგეი კოლბინისგან, თუმცა პასუხად განუცხადეს, რომ რუსი მესაზღვრეები საკუთარი რუკებით ხელმძღვანელობენ, რომლის შესაბამისად, ეს საქართველოს ტერიტორიაა.  

შესაბამისად, 2019 წლის 24 აგვისტოს, როდესაც წნელისის ტერიტორიაზე საგუშაგოს განთავსებით ქართულმა მხარემ წარმატებული ოპერაცია “მიიწერა”, ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, რუსმა ძალოვნებმა გადასცეს ქართულ მხარეს. სამხრეთ ოსეთში ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წნელისის ამბავმა პოლიტიკური დივიდენდები მოუტანა საქართველოს მაშინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც პრემიერ-მინისტრობისთვის ემზადებოდა. 

რატომ არ მოხდა ტერიტორიის გადაცემა უფრო ადრე? როგორც ჩანს, იმიტომ, რომ მსგავს დათმობებს მოჰყვებოდა ღალატში ბრალდებები  და შესაძლოა, ამიტომაც ბიბილოვის წინამორბედები, ედუარდ კოკოითი და ლეონიდ თიბილოვი, პარლამენტს არ სთავაზობდნენ ახალი საზღვრების დადგენას.

ბიბილოვს წნელისის ტერიტორიის გადაცემაზე ღია თანხმობა არ განუცხადებია. როდესაც ქართული მხარე წნელისში შევიდა, მან მხოლოდ ულტიმატუმი წაუყენა და სუვერენიტეტის დასაცავად აქტიური ნაბიჯების იმიტაცია დაიწყო, რითაც, ერთი მხრივ, გიორგი გახარიას დამატებითი ქულები მოუტანა, მეორე მხრივ კი, ამ ფაქტიდან საკუთარი თავის დისტანცირება მოახდინა.

თუკი ამ ვერსიას გამოვრიცხავთ, რჩება მოსაზრება, რომლის თანახმად,  თბილისი და მოსკოვი ბიბილოვის ზურგს უკან შეთანხმდნენ, ყველაფერი დანარჩენი კი უბრალოდ დამთხვევათა გრძელი ჯაჭვია.  

ბიბილოვის პოლიტიკური მარცხი ნაკლები იქნებოდა, რომ არა ოპოზიციის ძალისხმევა, რომელსაც საკუთარი მოტივები აქვს – ოთხ თვეში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია დაიწყება. თუკი ოპოზიცია მოახერხებს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ზურგს უკან ტერიტორიები გადასცეს საქართველოს, მისი მარცხი გარდაუვალი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი