ახალი ამბები

ბუსტერ დოზებისთვის ინტერვალი შესაძლოა 5 თვემდე შემცირდეს

1 დეკემბერი, 2021 • 1712
ბუსტერ დოზებისთვის ინტერვალი შესაძლოა 5 თვემდე შემცირდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზების გასაკეთებლად ინტერვალი შესაძლოა  5 თვემდე შემცირდეს.

ამჟამად ქვეყანაში მოქმედი წესის მიხედვით, 18 წელს ზემოთ პირებს ბუსტერის გაკეთება მეორე აცრიდან 6 თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ. 60 წელს გადაცილებულ პირებს კი, ვინც პირველი და მეორე დოზით სინოფარმის ან სინოვაკის წარმოების ვაქცინით აიცრნენ, ბუსტერის მიღება 3 თვიდან შეუძლიათ.

გაბუნიას თქმით, ყველაფერი ეს ძალაში დარჩება, გარდა 18-დან 60 წლამდე პირებისთვის ბუსტერის ინტერვალისა, რომელიც შესაძლოა ერთი თვით შემცირდეს და 5 თვით განისაზღვროს. რეკომენდაცია ამის შესახებ ვაქცინაციის ექსპერტთა საბჭომ უნდა გასცეს:

„დეტალურად დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს ბუსტერ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი ბუსტერ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6 თვიდან 5 თვემდე. ბევრმა ქვეყანამ გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ზოგ შემთხვევაში 6 თვიდან 5 თვემდე, ზოგ შემთხვევაში- 6 თვიდან 4 თვემდე, ასევე, სინოფარმის და სინოვაკის შემთხვევაში- 3 თვემდე.

ჩვენც ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მუშობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას. 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს შეუძლია ბუსტერის გაკეთება. ეს დარჩება ძალაში ბუსტერ დოზებისთვის, თუ ექსპერტთა ჯგუფი რაიმე რეკომენდაციას მოგვცემს, გავითვალისწინებთ“ ,- ამბობს თამარ გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი