ახალი ამბები

მიშელი: საქართველოში იდენტიფიცირებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა გვჭირდება

30 ნოემბერი, 2021 • 1751
მიშელი: საქართველოში იდენტიფიცირებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა გვჭირდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ასამბლეაზე საქართველოში რეფორმების ბოლომდე მიყვანის საჭიროებაზე ისაუბრა.

“საქართველოში ჩვენ გვჭირდება, რომ თანმიმდევრულად და სანდოობით, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემითა და საიმედო ინსტიტუტების მხარდაჭერით, ბოლომდე მივიყვანოთ იდენტიფიცირებული რეფორმები. თუ უკან დავიხევთ ამ საკვანძო სფეროებში, ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც”, — განაცხადა შარლ მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს მეტ სინერგიასა და თანამშრომლობას პარტნიორებს შორის, მათ შორის სამ ასოცირებული პარტნიორს — საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირი ავითარებს აღმოსავლეთ პარტნიორობას, მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, დაწყებული ეკონომიკური კრიზისებიდან, დამთავრებული შეიარაღებული კონფლიქტებით და კოვიდ პანდემიისა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების, ადმინისტრაციული ორგანოების რეფორმების, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელშეწყობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, თუმცა პრობლემები რჩება.

“დემოკრატიის გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა, მედიის დამოუკიდებელობის უზრუნველყოფა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა — ეს არის რთული ბრძოლა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ღირებული”, — განაცხადა შარლ მიშელმა.

მან ისაუბრა ბელარუსის რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე, განგძობით კონფლიქტებზე რეგიონში და თქვა, რომ ამ გამოწვევის გადაჭრა მოითხოვს განახლებულ ძალისხმევას საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრინციპების შესაბამისად. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, ითამაშოს თავისი როლი კონფლიქტების პრევეცნიასა და მათ გადაწყვეტაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიის გაძლიერების და ევროპული ღირებულებების დაცვის საკითხში.

მასალების გადაბეჭდვის წესი