ახალი ამბები

სასამართლოსთან დაკავებულებზე ენმ საერთაშორისო პარტნიორებს და ომბუდსმენს მიმართავს

30 ნოემბერი, 2021 • 1133
სასამართლოსთან დაკავებულებზე ენმ საერთაშორისო პარტნიორებს და ომბუდსმენს მიმართავს

ენმ საერთაშორისო პარტნიორებს და სახალხო დამცველს მიმართავს, დაინტერესდნენ  29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენებითა და 16 ადამიანის დაკავებით.

ამასთან, ენმ აცხადებს, რომ დაწყებულია სამართალდამცველების იდენტიფიცირება, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და “აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ ადამიანების წინააღმდეგ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა”.

“გუშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, ჟურნალისტებს. ფაქტობრივად, ხელით შეეხნენ ოპერატორს, რომლის ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე. ვიხილეთ სასამართლოს ეზოს წინ განლაგებულ პოლიციელთა არმია, რომელიც კანონის დარღვევით, მოქალაქეებს შესაძლებლობას არ აძლევდა, რომ ყოფილიყვნენ სასამართლოს ეზოში. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს არანაირი პროტესტი ამის გამო არ გამოუთქვამთ.

ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმელების პროვოკაცია. ესენი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ესენი იყვნენ პოლიციის ფორმაში გადაცმული, სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. რობოკოპები. სპეცრაზმელები თავიანთი ფორმებით რომ დაეყენებინათ, ნიშნავდა, რომ არაპროპორციულ ძალას იყენებენ, რაც გააკეთეს კიდეც, ოღონდ პოლიციის ფორმაში გადაცმულმა სპეცრაზმელებმა, რომლებსაც ე.წ. ნინძა ნიღბები ჰქონდათ, რომელიც საპატრულო პოლიციას არ აქვს.

ასევე, ჰქონდათ წიწაკის სპრეი, რომელიც ასევე არ აქვს საპატრულო პოლიციას, და უმისამართოდ ასხამდნენ ადამიანებს, რის შემდეგადაც მათ მოუწიათ გზაზე გადასვლა და გზის დაკეტვა”, — განაცხადა ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი ინფორმაციით, გუშინდელ საპოლიციო ღონისძიებებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე ხელმძღვანელობდა.

“განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხარაზიშვილს, ზედმეტსახელად ხარება, რომელიც არის ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელი და აქვს შპს “სარანგი” ვინმე ზვიად ჭოხონელიძესთან ერთად, რომელიც გახლდათ ბიძინა ივანაშვილის დაცვის წევრი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ასეთი აგრესიული ჯგუფები არიან არა კეთილსინდისიერი თანამშრომლები, არამედ ხარაზიშვილის მიერ მოძიებული ჯგუფები, რომლებიც დასაქმებული ჰყავთ საკუთარ შპს-ებში და დამატებით ათასობით ლარს უხდის ოლიგარქი ამ ბინძური დავალებების შესრულებაში”, — განაცხადა ხაბეიშვილმა.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 15 პირი დააკავა. ხოლო სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

აქტივისტი ბესიკ თამლიანი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი