ახალი ამბები

ყოფილი ფეხბურთელი თურქეთიდან საქართველოში საბარგულით შემოპარვისას დააკავეს – მედია

30 ნოემბერი, 2021 • 1253
ყოფილი ფეხბურთელი თურქეთიდან საქართველოში საბარგულით შემოპარვისას დააკავეს – მედია

„ლევერკუზენის“ ყოფილი ფეხბურთელი, თურქეთის მოქალაქე სეზარ ოზთურქი იმ დროს დააკავეს, როცა ავტომობილის საბარგულით თურქეთიდან საქართველოში გადმოსვლას ცდილობდა. თურქეული მედიის ცნობით, ყოფილ სპორტსმენს ბრალი მკველობაში ჰქონდა წარდგენილი და თურქეთიდან გაქცევას ცდილობდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოზთურქი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა „ბეშიქთაშში“ 2015 წელს დაასრულა, ართვინში თურქმა სამართალდამცავებმა ქვეყნის დატოვების მცდელობისას დააკავეს. სასაზღვრო კონტროლისას ყოფილი ფეხბურთელი მანქანის საბარგულში ჩამალული იპოვეს.

რაც შეეხება მკვლელობას, რომელშიც ოზთურქია ეჭვმიტანილი, შემთხვევა 19 სექტემბერს სტამბულში მოხდა. გარდაცვლილი ჰალილ იბრაჰიმი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ოზთურქმა და მისმა მეგობრებმა ჩაიარეს და მანქანის გადაყენება მოსთხოვეს, რაც კონფლიქტში გადაიზარდა და სროლა მოჰყვა. თურქული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ოზთურქის მანქანიდან გაისროლეს.

ადგილობრივი მედიის განცხადებით, იბრაჰიმი დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, მისი ოჯახის დანარჩენი წევრები კი დაშავდნენ.

ოზთურქი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ინციდენტის დღეს შვილები ზოოპარკში მიჰყავდა, რა დროსაც იბრაჰიმის მანქანამ მათ გზა გადაუკეტა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულის თქმით, იბრაჰიმისთვის არ უსვრია და ცეცხლი მისი დაცვის თანამშრომელმა გახსნა, თუმცა, ოზთურქის თქმით, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო ჰაერში და მიწზე.

მიუხედავად ამისა, ოზთურქი აღიარებდა, რომ იარაღი მასაც თან ჰქონდა. მისი განცხადებით, დაპირისპირებისას თავადაც დაშავდა და 2-თვიანი რებაილიტაცია დასჭირდა.

თურქული მედიის განცხადებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სერიოზული ეჭვი არსებობს, ოზთურქმა მკვლელობა განზრახ ჩაიდინა გამომდინარე იქიდან, რომ ის დააკავეს ქვეყნის დატოვების მცდელობისას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოფილ ფეხბურთელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ოზთურქი შეიარაღებულ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას. გამოცემის ცნობით, 2014 წელს ყოფილი ფეხბურთელი დიუსელდორფში ბიძაშვილთან ერთად ჩხუბობდა, რომელიც მისი დაჭრით დასრულდა.

ოზთურქს კარიერის განმავლობაში უთამაშია ლევერკუზენის “ბაიერნსა” და ნიურნბერგში, ასევე, ბეშიქთაშა და ფენერბახჩეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი