ახალი ამბები

სასტიკ დანაშაულებს ეძახიან შეცდომებს, პიარული ხრიკია – მდინარაძე ენმ-ზე

29 ნოემბერი, 2021 •
სასტიკ დანაშაულებს ეძახიან შეცდომებს, პიარული ხრიკია – მდინარაძე ენმ-ზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის პროცესსა და პროცესზე სააკაშვილის სიტყვას ეხმაურება.

მდინარაძემ დღეს, 29 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ნარატივი, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთის მხარესაა, არასწორია და პირიქით, მიემართება „ნაციონალურ მოძრაობას“.

ნარატივი უკვე აგერ 9 წელია არის იმგვარი, რუსეთი ებრძვის თითქოს მიხეილ სააკაშვილს, რადგან ასე აწყობთ… კომპლექსის მოხსნის მცდელობაა. იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ბევრი საქმე გაუკეთა პუტინსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამის გადაფარვა ხდება „გაღმა შედავების პიარის“ პრინციპის პიარის დაგეგმვით. როდესაც „ქართულ ოცნებას“ უწოდებენ რუსულ ძალას, ყველა დაფიქრდეს, ვინ რას ამბობს კი არა, ვინ რას აკეთებდა და აკეთებს, ვისი მოქმედებებით მიიღო გარკვეული სარგებელი რუსეთმა და პრეზიდენტმა პუტინმა და ეს ხომ არ იყო შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა?“, – ამბობს მდინარაძე და ახსენებს 2008 წლის ომს.

მისივე თქმით, აღნიშნული ნარატივი რუსეთის შესახებ „ყველაზე სპეკულაციური და უკაცრავად, მაგრამ ბინძურია“.

„ამავე წლებში ცდილობდნენ თავიანთი, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ცუდი ქმედებების, ანუ სასტიკი დანაშაულების გადაფარვას. მას არქმევენ- ასეთი პიარული ხრიკია –  შეცდომებს. შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის, სამწუხაროდ, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს ღამის 3 საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს, ამას ვერ დაერქმევა შეცდომები, ეს არის უდიდესი და ცუდი ქმედებები და დანაშაულები, ამ დანაშაულის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვის მიმართაც შესაბამისი სტანდარტით იქნება შეგროვებული მასალები“, – აცხადებს მდინარაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის მიერ ჩადენილ სხვა სავარაუდო დანაშაულებზე მიდის სასამართლო პროცესი და სასამართლო შესაბამის განაჩენს გამოიტანს – „ოღონდ, ისეთი სასამართლოს არა, მას რომ ჰქონდა და სხვა ჟურნალისტებს ფეხი არ ჰქონდათ დადგმული, არამედ ისეთ სასამართლოში, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია“.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა, რომელთაც რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა სთხოვა, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

ეს პირველი სხდომა იყო, რომელსაც სააკაშვილი ესწრებოდა და რომელზეც ის სიტყვით გამოვიდა. თავის მიმართვაში სააკაშვილმა ისაუბრა 7 ნოემბრის საქმეზეც.

ვრცლად:

სააკაშვილის პოზიციები შეწყალების, გელაშვილის ცემისა და 7 ნოემბრის საქმეებზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი