ახალი ამბები

პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სასამართლოსთან 15 პირი დააკავა

29 ნოემბერი, 2021 • 1278
პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სასამართლოსთან 15 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 15 პირი დააკავა.

უწყება დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულებს შორისაა გიგი უგულავაც.

შსს-ს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით მიმდინარე სასამართლო პროცესის პარალელურად, გამართული საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მათ მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს, სამართალდამცველებმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს:

„სასამართლოს შენობის და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანში და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს. სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს“ ,- აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან. შსს-ს თქმით, ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე, ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც:

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი