ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ინტელექტუალურ- გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ იწყება

29 ნოემბერი, 2021 • 562
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ინტელექტუალურ- გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ იწყება

30 ნოემბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მასშტაბური ინტელექტუალურ-გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ დაიწყება და ორ კვირას გასტანს. თამაშის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმა questions.ge-ზე. ამავე პლატფორმაზე მიიღებენ ამოსახსნელ დავალებებს და პასუხებსაც აქვე დააფიქსირებენ.

ნებისმიერი ასაკისა თუ ლიტერატურული გემოვნების მქონეთათვის განკუთვნილი თამაში, მოიცავს როგორც ონლაინ, ისე გარე სივრცეში ამოსახსნელ თავსატეხებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით, თემატური მინიშნებებით იქნება გაბნეული, მოთამაშეებს კი მათი პოვნა და გაშიფვრა მოუწევთ.

თამაში ორ კვირას გაგრძელდება. სამუშაო დღეებში, მოთამაშეებს, ონლაინ დავალებების შესრულება მოუწევთ, ხოლო შაბათ-კვირას, სათამაშოდ თბილისის ქუჩებში გადაინაცვლებენ.

გამარჯვებული იქნება მოთამაშე, რომელიც ყველა თავსატეხს ნაკლებ დროში ამოხსნის. სამი საუკეთესო დროის მაჩვენებელ მოთამაშეებს, ფულადი პრემია გადაეცემა: 

  • პირველი ადგილი – 5000 ლარი.
  • მეორე ადგილი – 3000 ლარი.
  • მესამე ადგილი – 2000 ლარი. 

გამოცანები „ვეფხისტყაოსნის“ 16 მარცვლიანი ლექსის ფორმითაა შედგენილი, ვიზუალურად კი გრაფიკული ნოველის/კომიქსის სტილისტიკით გადმოცემული. მათ მოთამაშეები ეტაპობრივად, ყოველი დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ მიიღებენ. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, დასრულებული სიუჟეტის მქონე კომიქსი შედგება.

მოკლე სიუჟეტი: თბილისში – წიგნის მსოფლიო დედაქალაქში, მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟები ჩამოდიან. მათ აქ კომიქსის მთავარი გმირი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ხვდება, რომელიც ნამდვილ და ალტერნატიულ თბილისში, დაკარგულ სატრფოს ეძებს. მოთამაშეები მას თავსატეხებით სავსე თავგადასავალში მიჰყვებიან და საყვარელი ადამიანის დაბრუნებაში ეხმარებიან, გზად კი თბილისის სტუმარ პერსონაჟებს ხვდებიან. 

თამაშში გამოყენებული ყველა დავალება უნიკალურია და შექმნილია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისთვის“. თამაშის ავტორია დავით ბაბიაშვილი, მხატვარი – ირაკლი თოიძე

 „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი