ახალი ამბები

“კავკასიის” ოპერატორმა აქციაზე გონება დაკარგა, მის თქმით, თვალებში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს

29 ნოემბერი, 2021 • 1419
“კავკასიის” ოპერატორმა აქციაზე გონება დაკარგა, მის თქმით, თვალებში, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს

ტელეკომპანია “კავკასიის” ოპერატორმა, ნიკო კოკაიამ აქციაზე გონება დაკარგა. მისი თქმით, ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს თვალებში. ამჟამად თავს უკეთ გრძნობს და კონტაქტურია.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელებმა ძალის გამოყენებით სცადეს ოპოზიციონერი აქტივისტის, ბესიკ თამლიანის ჩამოყვანა ჯიხურის სახურავიდან.

დაპირისპირებისას პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. მოქალაქეების განცხადებით, პოლიციას სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე არ გაუფრთხილებია:

„ჩამოყვანა უნდოდათ ჯიხურიდან ერთ-ერთი აქტივისტის. ჩვენ ქვემოთ ვიდექით, მითხრეს, გაიწიეო – გავიწიე. კიდევ გაიწიეო, კიდევ გავიწიე, მაგრამ ამასობაში ვიღაც სპეცრაზმელმა ამოიღო წიწაკის სპრეი და თვალებში შემასხა. ერთხელ ხომ შემასხა, თავი ავწიე, რას აკეთებ- მეთქი და მეორედ შემასხა, მერე- მესამედ. არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა“, – ამბობს ერთ-ერთი დაშავებული ნეტგაზეთთან საუბარში.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათი თანამშრომლები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე კი განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც:„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის – მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ, ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ უწყებაში.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს 7 ნოემბრის საქმეზე. სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც სთხოვა მის მხარდამჭერებს, სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაემართათ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა. შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი