ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფორმაციას ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ტყიბულის მერზე დაყრდნობით ავრცელლებს. როგორც დავით ჩერქეზაშვილმა „პირველ არხს“ უთხრა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოქალაქეები ნახშირს უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ტყიბულში, ერთ-ერთ შახტაში კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე.
უწყებაში აცხადებენ, რომ მაშველებმა ჩაატარეს შახტის გამაგრებითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მაშველების ჩასვლა შახტაში ჩარჩენილ ადამიანებთან:
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური მოქმედებების შედეგად, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.