„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ „მთავარი არხის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ არხი 112 ათასი ლარი დააჯარიმა, გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს მთავრობამ 36 000 აშშ დოლარით დააჯარიმა კრიტიკული ტელეკომპანია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი ვიდეო რგოლების ეთერში გაშვების გამო მიიჩნია რა, რომ ეს „პოლიტიკური პროპაგანდაა“. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, გმობს ცენზურის ინსტრუმენტს, დიდი ოდენობის ფინანსურ სანქციას და მოუწოდებს მარეგულირებელს გადაწყვეტილებას გადახედოს“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.
#Georgia: the gov.ment critical @MtavariChannel fined $36,000 for airing clips supportive of @SaakashviliM deemed ‘political propaganda outside of the allocated period’. @RSF_inter denounces a tool for censorship and a crippling sum & calls the regulator to revise its decision. pic.twitter.com/6xDJcynYTO
— RSF (@RSF_inter) November 26, 2021
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მთავარი არხი“ 111 903 ლარით დააჯარიმა ეთერში სამი ვიდეორგოლის გაშვების გამო. მათ შორის ერთ-ერთი მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ დამზადებული კლიპია, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრების ფოტოებით იქმნება ვლადიმერ პუტინის სახის გამოსახულება, რითაც აქტივისტების თქმით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ.
კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ არხი დაჯარიმდა 17 და 18 ნოემბერს მაუწყებლის ეთერში განთავსებული სამი ვიდეორგოლის გამო, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა:
„ანალოგიური სამართალდარღვევისთვის მთავარი არხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მსგავსი დარღვევისთვის „მთავარი არხი“ 2019 და 2020 წლებშიც იქნა სამართალდამრღვევად ცნობილი და დაჯარიმებული.
მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელი, როგორც რეკლამის გამავრცელებელი, ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და არ დაუშვას არასათანადო რეკლამის ეთერში განთავსება – მაუწყებლის მიერ პოლიტიკური რეკლამების განთავსება მოხდა არა წინასაარჩევნო პერიოდში, ანუ ისეთ დროს, როდესაც აღნიშნული აკრძალული იყო მოქმედი კანონმდებლობით“, – აცხადებენ კომისიაში.
კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას „მთავარ არხში“ კრიტიკულ მედიაზე ზეწოლად აფასებენ და მიუხედავად სასამართლოს მიმართ უნდობლობისა, გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.