ახალი ამბები

EU-ში მოგზაურობას, სავარაუდოდ, WHO-ს ავტორიზებული ვაქცინებით აცრილებიც შეძლებენ

26 ნოემბერი, 2021 • 1345
EU-ში მოგზაურობას, სავარაუდოდ, WHO-ს ავტორიზებული ვაქცინებით აცრილებიც შეძლებენ

ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს, 2022 წლის 10 იანვრიდან საზღვრები გახსნას ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებით არიან აცრილი.

ამ დროისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის სახელმწიფოების უმეტესობაში მოგზაურობა ნებადართულია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილთათვის. ვაქცინებს შორის, რომლებიც აღიარებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, მაგრამ არა — ევროპის წამლის სააგენტოს მიერ, არის კოვიდშილდი, სინოფარმი, სინოვაკი და კოვაქსინი. ამასთან, EMA-ს არაღიარებული WHO-ს ავტორიზებული ვაქცინით აცრილებმა უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი.

გარდა ამისა, ევროკომისია 2022 წლიდან მწვანე ქვეყნების სიის გაუქმებისა და ინდივიდუალური მიდგომის დანერგვის ინიციატივით გამოდის. შესაბამისად, ევროკავშირში მოგზაურობა დამოკიდებული იქნება არა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, არამედ ვაქცინაციის სერტიფიკატზე, რომლის მოქმედების ვადა მეორე აცრიდან 9 თვით განისაზღვრება. ეს წესი იმოქმედებს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის ბუსტერ დოზის მოქმედების ვადა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის საბჭო განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი