სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
ექსპრეზიდენტთან სპეციალისტთა ჯგუფის წევრების მესამე ვიზიტი გორის ჰოსპიტალში, 23 ნოემბერს შედგა.
“ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს.
ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფმა გამართა დისტანციური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ და გიორგი გრიგოლიამ. სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებში ეფუძნება პაციენტის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფის პრინციპს”, — აღნიშნავს ომბუდსმენი.
ჯგუფის შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ის კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს და წონასწორობის დარღვევას. დასკვნის თანახმად, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.
ძირითად საყურადღებო პრობლემებს შორის ექსპერტები გამოყოფენ შემდეგ მიმართულებებს:
“1. ყურადღებას იპყრობს ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში: 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) – 1,08 მმოლ/ლ-ამდე, რაც შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას.
2. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა.
ჩატარებულია თავის კტ კვლევა. დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია, რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს.
სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია.
3. თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით;
4. ვიტამინების დეფიციტისათვის გაგრძელდეს მულტივიტამინები;
5. ფიზიკური რეაბილიტაცია”.
ხსენებული ვიზიტის დროს სააკაშვილთან იმყოფებოდნენ ექსპერტთა ჯგუფის წევრები: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე და გიორგი პაპიაშვილი.