ახალი ამბები

საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბულის კონვენციის შესასრულებლად – გაერო

25 ნოემბერი, 2021 • 1680
საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბულის კონვენციის შესასრულებლად – გაერო

ათობით საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, გაერო, განცხადებას ავრცელებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია, საქართველომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატარა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის, დანერგა გენდერული კვოტირება და ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალური სერვისების შექმნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია.

„მიუხედავად ამ ძალისხმევისა, საზოგადოებაში გავრცელებული სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის, ქალთა შეზღუდული პოლიტიკური მონაწილეობის, გამყარებული დისკრიმინაციული სოციალური ნორმების, სტიგმისა და სტერეოტიპების გამო, ქართველი ქალები და გოგოები კვლავ განიცდიან ძალადობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქართველოში გრძელდება სექსუალური ძალადობა, რასაც სხვა მიზეზებს შორის განაპირობებს საზოგადოებრივი დამოკიდებულების არასაკმარისი ცვლილებაც. მოსახლეობის თითქმის მესამედი თვლის, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები თავად ახდენენ თავდასხმის პროვოცირებას. ასეთი დამოკიდებულების გამო ბევრი ქალი დანაშაულის შეტყობინებას ერიდება და დახმარებას არ ითხოვს“, – წერია განცხადებაში.

საელჩოები და ორგანიზაციები ასევე მიუთითებენ იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოში სექსუალური შეტყობინების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია. ასევე, ძალადობის განსაკუთრებით მაღალი რისკის წინაშე დგანან ქალები და გოგოები მოწყვლადი სოციალური ჯგუფებიდან, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები.

დაბალია ასევე ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა და მათი გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე.

„ყველა დონის სახელმწიფო უწყებამ აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვასა და ქალთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ მონაწილეობასა და გაძლიერებას, რაც გენდერული ძალადობის პრევენციის წინაპირობას წარმოადგენს. საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას სტამბოლის კონვენციის შესასრულებლად (გაუპატიურების სამართლებრივი დეფინიციის ჩათვლით). ეს ასევე წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას, რომელიც ქვეყანამ 2021 წელს აიღო გლობალური მოძრაობის, „თანასწორობის თაობის“ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო კოალიციის ფარგლებში.

პოლიციისა და სასამართლო ინსტიტუტების მხრიდან მაღალი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. აუცილებელია პრევენციული სტრატეგიების გააქტიურება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ძირეული მიზეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის ისეთი ქმედებების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს კაცებისა და ბიჭების ჩართულობას მავნე სტერეოტიპებთან ბრძოლაში. ყოველმა ჩვენგანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის დასრულებაში და ისეთი მომავლის მშენებლობაში, რომელშიც ყველას ექნება წარმატების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რეალური შესაძლებლობა. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას უერთდებიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის,საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ხორვატიის საელჩოები საქართველოში.


ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას საქართველო 2017 წელს შეუერთდა. თუმცა დღეს, 4 წლის შემდეგ, გამოწვევები კვლავ არსებობს.

ამ დოკუმენტს შემოკლებით „სტამბოლის კონვენციას“უწოდებენ , რადგან ხელმომწერთათვის 2011 წლის მაისში სწორედ სტამბოლში გაიხსნა.

ვრცლად წაიკითხეთ:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი