ახალი ამბები

სახალხო დამცველმა დადებითი როლი ითამაშა სააკაშვილთან მიმართებით – ჰარცელი

25 ნოემბერი, 2021 • 978
სახალხო დამცველმა დადებითი როლი ითამაშა სააკაშვილთან მიმართებით – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მიმდინარე პროცესებში დადებითად აფასებს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას როლს. ამის შესახებ მან დღეს, 25 ნოემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახალხო დამცველის როლი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ თვალი მივადევნოთ ადამიანის უფლებების გარშემო არსებულ ზოგად ვითარებას, ასევე, სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ მის შეფასებებსა და რეკომენდაციებს. ვფიქრობ, მან დადებითი როლი ითამაშა”, – განმარტა ჰარცელმა.

18 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ „ფეიკია“.

მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფს უნდა მოემზადებინა დასკვნა სააკაშვილის შიმშილობის შემდგომი მკურნალობის შესახებ და ის, რომ ეს არ გააკეთეს, მათ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

მისი თქმით, თუ ამ „ფეიკ“ დასკვნას გაგრძელება მოჰყვა და ის სცენარი დადგა, რისიც მმართველ გუნდს „ეშინია“, გამორიცხული არ არის, სახალხო დამცველისა და ამ ჯგუფში შემავალი ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.

მოგვიანებით, 19 ნოემბერს კი, სტრასბურგის სასამართლომ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მთავრობას დაავალა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, ისევე, როგორც ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ (გონების დაკარგვა 18 ნოემბერს), ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მიაწოდეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბერს კრიტიკულად შეაფასა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის რეკომენდაცია გასცა, რის პირობებსაც გლდანის ციხის კლინიკა არ აკმაყოფილებდა.

მმართველმა გუნდმა უნდობლობა გამოუცხადა ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს და არ გამორიცხა მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი