ახალი ამბები

რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით „ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა

25 ნოემბერი, 2021 •
რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით „ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა

დროას“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით.

აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა შესაძლებლობა, პროტესტი უშუალოდ „ქართული ოცნების“ წინ, ერეკლე მეორის მოედანზე გამოეხატათ, სადაც ტრადიციულად იმართება ხოლმე საპროტესტო აქციები. უფლებამოსილ პირებს ამის მიზეზი არ განუმარტავთ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ნუგზარ ფუტკარაძეზე შესაძლო ზეწოლისა და მოსყიდვის მცდელობის საქმის გამოძიებასა და მისი გარდაცვალების მიზეზების გამოკვლევას, ასევე, აქციის მონაწილეები საქმის ფიგურანტების დასჯას:

ენმ-ის მიერ გუშინ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე“ ,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პარტიის ლიდერების მტკიცებით, ჩანაწერი ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობს მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და ახორციელებენ მასზე ზეწოლას.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან და 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას უმრავლესობა ჰქონდა ბათუმის საკრებულოში.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ჩანაწერის მიხედვით, დავით რიჟვაძის დავალებით [თორნიკე რიჟვაძის მამა] ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ეს პირები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.

ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. რიჟვაძის თქმით, ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს და ბოდიშის მოხდას მოითხოვს:

„წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე წინასწარ ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუმცა, მერწმუნეთ, რომ მათ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ჩანაწერებში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

მასალების გადაბეჭდვის წესი