საზოგადოება

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

24 ნოემბერი, 2021 • 1638
ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პარტიის ლიდერების მტკიცებით, ჩანაწერი ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობს მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და ახორციელებენ მასზე ზეწოლას.

ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან და 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა.

ენმ-უს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ჩანაწერის მიხედვით, ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ დავით რიჟვაძის დავალებით [თორნიკე რიჟვაძის მამა] ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ეს პირები ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მუშაობდნენ.

ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ ხაზი გაუსვა ქრონოლოგიას, თუ როგორ განვითარდა პროცესები მას შემდეგ, როცა ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა [19 მანდატი] ოპოზიციამ მიიღო.

„ამის შემდეგ იყო ღარიბაშვილის და კობახიძის ვიზიტი ბათუმში, რომლის შემდეგაც მათ პირდაპირ დაგვიანონსეს და გვითხრეს, რომ მათ არ აინტერესებთ, რა გადაწყვიტა ბათუმელმა ამომრჩეველმა და „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ექნებოდა უმრავლესობა საკრებულოში, რაც გაცხადებუალდ ნიშნავდა იმას, რომ საკრებულოს წევრებზე იწყებოდა არნახული მასშტაბის ზეწოლა.

პირველი მათ ეს შეძლეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებზე და უკვე 18 – 17 -ზე მოახდინეს ბალანსი, უკვე სჭირდებოდათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანის გადაყვანა იმისთვის, რომ უმრავლესობით ყოფილიყო წარმოდგენილი „ქართული ოცნება“. ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი, ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, ეს გახლდათ ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა…. პირადად დათო რიჟვაძე ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს“, – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

„არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან, როცა გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონ გააკეთა ეს ჩანაწერები“, – აღნიშნა ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ. მისივე თქმით, ვაჟა თაბაგიძე ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაა.

ენმ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ენმ ითხოვს დავით და თორნიკე რიჟვაძეების, ასევე ზაზა დიასამიძის გადადგომას და გამოძიების დაწყებას.

ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ. რიჟვაძის თქმით, ჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს და ბოდიშის მოხდას მოითხოვს:

„წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე წინასწარ ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუმცა, მერწმუნეთ, რომ მათ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ჩანაწერებში არ იფიგურერებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი