ახალი ამბები

“შეგიძლიათ ჩაიხედოთ” — ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლის მოსმენაზე სარკე მიიტანა

25 ნოემბერი, 2021 • 1357
“შეგიძლიათ ჩაიხედოთ” — ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლის მოსმენაზე სარკე მიიტანა

“ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს უსმენენ, სარკე მიიტანა და ტრიბუნაზე დადო.

“შეგიძლიათ ჩაიხედოთ და დაინახოთ საკუთარი თავები”, — მიმართა ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტზე დამსწრეებს.

“ოცნების” ფერია, მადლობა. ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხისადმი. ესენი არიან პოლიტიკოსებად ცნობილი ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან ეთიკურობისგან და კულტურისგან. ეს სარკე გავუგზავნოთ ფრაქცია “ლელოს”, რომ კარგად ჩაიხედონ”, — თქვა საპასუხოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა, ვიდრე სასამართლო სისტემაში ინკლუზიური რეფორმა არ გატარდება.

“გავეცანი თქვენს ბიოგრაფიას და თქვენგან გამოვიდოდა იდეალური როლური მოდელი, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც აქვს ოცნება, გახდეს იურისტი. ჯერ სოფლის მეურნეობით იყავით დაკავებული, შემდეგ- დარაჯი, შემდეგ- სასამართლოს კურიერი, შემდეგ შეხვედით სასამაღთლო სისტემაში, როგორც მოსამართლე, და ახლა გაქვთ სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია მოისხათ. თუ რამე მაგალითები სჭირდებათ ახალგაზრდებს, რომ მუდმივად სხვაგან წასვლაზე არ ჰქონდეთ თვალი, ასეთი მაგალითები, როლური მოდელები დასჭირდებოდათ, მაგრამ არ არის მთლად ისე ლამაზად ვითარება, როგორც ფურცელზე ჩანს. თქვენ მონაწილეობთ პროცესში, რომელიც არის არალეგიტიმური. დღეს აქ გასაუბრებები არ უნდა მიმდინარეობდეს”, — მიმართა მან გენადი მაკარიძეს.

ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა სასამართლო სისტემაში არსებულ “კლანზე” და თქვა, რომ კითხვები არ აქვს მოსამართლეობის კანდიდატებთან, რომლებიც კლანის მითითებით ინიშნებიან. გენადი მაკარიძის თქმით, ის არ იმსახურებს მსგავს კრიტიკას.

ანა ნაცვლიშვილმა, ასევე, მიმართა “ქართული ოცნების” წევრებს და თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შეჩერებული აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით დასანიშნი 5 კანდიდატის შერჩევა, რადგან ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ხმები არ ჰყოფნის, კონსენსუსის საფუძველზე კანდიდატების შერჩევა კი არ სურს.

“იუსტიციის საბჭო დღეს მუშაობს არალეგიტიმურად და ამაში ხელს უწყობს “ქართული ოცნება”. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ სასამართლო რეფორმა განხორციელდება”, — განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ პარლამენტში მიმდინარე პროცესი ფარსია.

“რა უნდა შეაფასოს ადამიანმა ან პარლამენტმა სამ საათში? მარტო ერთი მოსამართლის ფაილი იმხელაა, სამ სამუშაო დღეში თქვენ ამხელა საქმეს განიხილავთ? ეს ხომ არის ტყუილი. თქვენი ბედი ამ გასაუბრების შედეგად კი არ გადაწყდება, გადაწყდება პოლიტიკურ კულუარებში”, — მიმართა ანა ნაცვლიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს.

“არ დამიმსახურებია ეს”, – ამ რეპლიკით უპასუხა მოსამართლე მაკარიძემ ანა ნაცვლიშვილს, შემდეგ კი თქვა, რომ ნაცვლიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი