ახალი ამბებირეკლამა

„კითხვა პასუხია“ – წიგნის მსოფლიო დედაქალაქ თბილისში, ლიტერატურული პერსონაჟები იკრიბებიან

25 ნოემბერი, 2021 • 2790
„კითხვა პასუხია“ – წიგნის მსოფლიო დედაქალაქ თბილისში, ლიტერატურული პერსონაჟები იკრიბებიან

30 ნოემბრიდან, წიგნის მსოფლიო დედაქალაქ თბილისში, გასართობ-ინტელექტუალური თამაში, „კითხვა პასუხია“ დაიწყება და ორ კვირას გაგრძელდება.

თამაშის მონაწილეებს არა მხოლოდ ჩახლართული თავსატეხები და თავბრუდამხვევი თავგადასავალი ელით, არამედ, ლიტერატურის სიყვარულისა და ცოდნისთვის, ასევე, სხვარტად აზროვნებისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, 2000, 3000 და 5000 ლარითაც დააჯილდოებენ.

ნებისმიერი ასაკისა თუ ლიტერატურული გემოვნების მქონეთათვის განკუთვნილი თამაში მოიცავს როგორც ონლაინ, ისე გარე სივრცეში ამოსახსნელ თავსატეხებსაც, რომლებიც თბილისის მასშტაბით, თემატური მინიშნებებით იქნება გაბნეული, მოთამაშეებს კი მათი პოვნა და გაშიფვრა მოუწევთ – ინდივიდუალურად ან გუნდურად.


მთელი თამაში მხატვარ ირაკლი თოიძის ილუსტრაციებით შექმნილ კომიქსს ეფუძნება, კითხვებიც სწორედ აქედანაა, რომლებზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაშიც, მოთამაშის თვალწინ სრულყოფილი სიუჟეტი იკვრება და დასრულებულ ისტორიას იღებს. ყოველი სწორი პასუხი მოთამაშეს მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს და წინაზე გაცილებით რთულ კითხვას შესთავაზებს. თავად კითხვები კი „ვეფხისტყაოსნის“ 16 მარცვლიანი ლექსის ფორმითაა შედგენილი.

ვინაიდან თამაშის ყველა დეტალი ერთგვარი მინიშნებაა, კითხვებისა თუ ერთიანი კომიქსის შინაარსის შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი, ნიკა ესებუა, ზოგად ინფორმაციას მაინც გვაწვდის:

„კომიქსის მთავარი გმირი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი ლიტერატურული პერსონაჟია, რომელიც ნამდვილ და ალტერნატიულ თბილისში, დაკარგულ სატრფოს ეძებს. მას ამ თავგადასავალში წიგნის მსოფლიო დედაქალაქში ჩამოსული მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟები ეხმარებიან. თამაშის პირველი კითხვაც ამ პერსონაჟის შესახებაა. მოთამაშეები სწორედ მას მიჰყვებიან თავსატეხებით სავსე თავგადასავალში, გზად კი თბილისის სტუმარ პერსონაჟებს ხვდებიან“.

თამაშის ავტორის, დავით ბაბიაშვილის თქმით, პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო:

„ამ თამაშს განსაკუთრებულს ის ხდის, რომ ჯერ კომიქსის ცალკეულ გვერდებს კითხულობ, შემდეგ კი თავსატეხების ამოხსნას იწყებ. გვერდიდან გვერდამდე, ისტორიას ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი გმირები ემატებიან და იქმება ახალი ისტორია ქართული და მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟებით. უფრო მეტ დეტალზე საუბარი გამიჭირდება, რადგან სპოილერი გამომივა. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ თამაშის იდეა უნიკალურია და მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო“.

მოთამაშეები დავალებებს სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმა questions.ge-ზე მიიღებენ. აქვე იქნება შესაძლებელი პასუხების გაცემაც. სამუშაო დღეების განმავლობაში, თამაში ონლაინრეჟიმში წარიმართება, ხოლო შაბათ-კვირას თბილისის ქუჩებში გადაინაცვლებს.

თამაშში გამოყენებული ყველა დავალება უნიკალურია და შექმნილია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისთვის“, რომელიც იუნესკოს პროექტია და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

თავად თამაშის კონცეფცია კი მსოფლიოში კარგად ცნობილი Scavenger Hunt-ის ტიპის თამაშებს ეფუძნება, რომელიც ძალიან პოპულარულია ამერიკისა და ევროპის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ამ ტიპის თამაშებს ამერიკაში, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან თამაშობენ. თამაშის პრინციპი მარტივია: კონკრეტულ ადგილებში გაბნეული (ან ინტერნეტპლატფორმაზე განთავსებული) მინიშნებების ამოხსნის შედეგად, მოთამაშეებმა მომდევნო დავალებები უნდა მიიღონ და, საბოლოოდ, განძს ან სხვა საკრალურ ნივთს მიაგნონ.

„კითხვა პასუხიას“ შემთხვევაში საბოლოო მიზანი სრული კომიქსის შედგენაა – ამისთვის კი მხოლოდ გონების სისწრაფე, კითხვის სიყვარული და ორკვირიან თავგადასავალში მოგზაურობის სურვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი