ახალი ამბები

ჯანდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა გვთხოვა – ომბუდსმენი

22 ნოემბერი, 2021 • 1263
ჯანდაცვის სამინისტრომ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა გვთხოვა – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ომბუდსმენს ექსპერტთა ჯგუფის ჩართვის თაობაზე განცხადებით დღეს, 22 ნოემბერს მიმართა.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სახალხო დამცველს სააკაშვილის მკურნალობის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით მიმართა და მიწვეულ ექსპერტთა ჩართვა სთხოვა. აპარატის განმარტებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობითა და მანდატით აგრძელებს.

“მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ექსპერტიზა და სახალხო დამცველისთვის დასკვნების/მოსაზრებების წარდგენა.

უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა, სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით”, – განმარტებულია განცხადებაში.

ამასთან, ომბუდსმენი აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის კლინიკაში განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 20 ნოემბერს შეამოწმეს. პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები, როგორიცაა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება და ვიდეოჩაწერა. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უფლებამოსილ პირებს აცნობეს:

“ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში”, – განმარტებულია განცხადებაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი