ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის აზრით, პრემიერი “ფინანსებში ერკვევა”

22 ნოემბერი, 2021 • 2233
ფინანსთა მინისტრის აზრით, პრემიერი “ფინანსებში ერკვევა”

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსებში გარკვეულია.

ლაშა ხუციშვილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, ერკვევა თუ არა პრემიერ-მინისტრი ფინანსებში.

“გასაგებია, რისი კითხვაც გინდათ. ეს არ არის თქვენი შეკითხვის სრული ნაწილი. დიახ, ერკვევა”, — უპასუხა მან, თუმცა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის შეფასებაზე განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავა.

“კონტექსტიდან ამოგლეჯილი გარკვეული ფრაზის განზოგადებას ცდილობთ, რაც არავისთვის საინტერესო არ არის და ამ შეკითხვაზე არ გაგცემთ პასუხს”, — მიმართა მან ჟურნალისტებს.

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან დავის ფარგლებში დისტანციურად აძლევდა ჩვენებას, ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა. ღარიბაშვილი, რომელიც იმ პერიოდში ივანიშვილის თანაშემწე იყო, ესწრებოდა ბანკ „კრედიტ სუისთან“ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რის შემდეგაც, ივანიშვილის თანახმად, ბანკმა მას ასობით მილიონი აშშ დოლარი დააკარგვინა. ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება და არც ფინანსური, რომ “კრედიტ სუისთან” გაფორმებული ხელშეკრულებები გადაემოწმებინა.

“ღარიბაშვილი არ იყო ჩემთვის ავტორიტეტი, ღარიბაშვილი არ იყო ფინანსისტი. თუ „კრედიტ სუისი“ მიმანიშნებდა, რომ ხელი უნდა მომეწერა და ეს ჩემთვის კეთდებოდა, იმას როგორ გადაამოწმებდა ღარიბაშვილი?”, – კითხულობს ექსპრემიერი.

მისი თქმით, იმ პერიოდში ღარიბაშვილის ვალდებულება შემდეგი იყო:

„აი, წერილები, რომლებიც იგზავნებოდა, ვთქვათ… იგივე, ჩამოდიოდა დელეგაცია, დელეგაციას უნდოდა დროის შეთანხმება, მინდოდა ფულის გადარიცხვა, ზარების განხორციელება, შეხვედრის ორგანიზება, ასეთ მსგავსი. თვეში ერთხელ გაეგო, ანგარიშზე რა თანხებია დარჩენილი და ა.შ“.

ამის შემდეგ უცხო პირი, რომელიც ვიდეოში არ ჩანს, ივანიშვილს ეკითხება: „ანუ, რაღაც მდივანივით გყავდათ, არა?“, რაზეც ივანიშვილი იცინის და პასუხობს:

„რაც გინდათ, ის დაარქვით, თქვენი რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი